სერგეი ლავროვი დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის აუცილებლობაზე მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს
სერგეი ლავროვი დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის აუცილებლობაზე მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის აუცილებლობის შესახებ უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვმა ეს მოთხოვნა მიიღოს.

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს კონფერენციის შემდეგ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„ჩემთვის რთულია, განვსაჯო, კონკრეტულად რას გულისხმობდა ქალბატონი სანდუ, როდესაც აცხადებდა რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანის აუცილებლობაზე, თუმცა პირდაპირ ვიტყვით – ფაქტი ისაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დაეხმარება დარეგულირებას და ჩვენ ამ საკმაოდ უპასუხისმგებლო მოთხოვნის მიღებას შევძლებთ”, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსი მშვიდობისმყოფელების დნესტრისპირეთში ყოფნის მიზანია, არ დაუშვან მორიგი სისხლისღვრა. მისი თქმით, სწორედ რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს დნესტრისპირეთის კონფლიქტის ცხელი ფაზა და მას შედეგ მას „გაყინულ მდგომარეობაში” ინარჩუნებენ.

30 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანისა და მათი ეუთო-ს სამოქალაქო მისიით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა.