მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ეუთო-ს დამკვირვებლებით ჩანაცვლება სურს
მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ეუთო-ს დამკვირვებლებით ჩანაცვლება სურს

მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ეუთო-ს დამკვირვებლებით ჩანაცვლება სურს, კრემლში კი საპასუხოდ დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ.

როგორც მაია სანდუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დნესტრისპირეთში იმყოფება რუსი სამხედროების ოპერატიული ჯგუფი, „რომელთა იქ ყოფნის თაობაზე მოლდოვასთან შეთანხმება არასდროს მომხდარა“.

„ჩემი პოზიციაა, რომ ეს სამხედროები უნდა გავიდნენ და იარაღი გაიტანონ მოლდოვის ტერიტორიიდან“, – განაცხადა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ამასთან, სანდუ გამოდის ინიციატივით, რომ რუსი სამხედროები ეუთო-ს წარმომადგენლებმა ჩაანაცვლონ.

„სამშვიდობოებთან დაკავშირებით არსებობს 1992 წლის შეთანხმება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების განახლების რისკი არ არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მისია სამოქალაქო დამკვირვებლების მისიად უნდა გადაკეთდეს, რომელიც ეუთო-ს ეგიდით უნდა მუშაობდეს. ეს სიახლე არ გახლავთ. ამ პოზიციის წინ წაწევას მოლდოვა მრავალი წელია ახდენს“, – განაცხადა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მაია სანდუს ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, დნესტრიპირეთში სტატუს-ქვოს შეცვლამ, შესაძლოა სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

„რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და ცხადია, რაიმე სტატუს-ქვოს შეცვლამ, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ეფუძნება, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დესტაბილიზაცია“, – განაცხადა პესკოვმა.