სერგეი ლავროვი - აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობაზე ამერიკული მხარის პასუხში პოზიტიური რეაქცია არ არის
სერგეი ლავროვი - აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობაზე ამერიკული მხარის პასუხში პოზიტიური რეაქცია არ არის

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილობით გაგზავნილ პასუხში შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების თაობაზე, ამის შესახებ რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე დაყრდნობით იუწყება.

„ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და შეტევითი იარაღის განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დაემუქროს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ის წერილობითი პასუხის შინაარსი იძლევა მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას, ოღონდ მეორეხარისხოვან თემებზე.

„დოკუმენტის შინაარსში არის რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს იძლევა, მაგრამ მეორეხარისხოვან საკითხებზე“, – აღნიშნა ლავროვმა.

აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. რუსულ მხარეს დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა გადასცა. როგორც საკითხზე კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

დატოვე კომენტარი