ენტონი ბლინკენი - აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის
ენტონი ბლინკენი - აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის

აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, რუსეთის წინადადებებზე აშშ-ის პასუხი სერიოზული დიპლომატიური გზაა, თუ რუსეთი აირჩევს მას. მისივე თქმით, აშშ-ის წერილობითი პასუხი წარმოადგენს პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას მოსკოვის მიერ წამოჭრილ შეშფოთებებთან დაკავშირებით.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის.

მისივე თქმით, ის მომდევნო დღეებში, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დისკუსიის გამართვას იმედოვნებს.

„დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მოიცავს შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას რუსეთის მიერ წამოყენებული საკითხების შესახებ და ჩვენს წინადადებებს იმ სფეროებისთვის, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გამოვნახოთ საერთო ენა“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა წერილობითი ფორმით წარდგენილი პასუხის დეტალებზე განმარტებების გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც ვაშინგტონმა და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს, კერძოდ, „შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“ და უარი თქვან მოსკოვის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, ნატო-მ არასდროს უნდა მიიღოს წევრად უკრაინა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლის მხარდაჭერისთვის და დასაცავად მზად ვართ, მათ შორისაა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნების უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები“, – აღნიშნავს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი გაიზიარებს მათ ხედვასა და მათ მიერ წარდგენილ წინადადებებს სერიოზულად მოეკიდება.​

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის ტექსტში ერთ-ერთ საკითხად აღნიშნული იყო, რომ ნატო-მ უარი უნდა თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე. კერძოდ, უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და არ უნდა განათავსოს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები ისეთ ადგილას, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი