ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლექსინგტონში ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ტურნირი მიმდინარეობს, რომლის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი. 38 წლის ამერიკელმა ვერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა. მან სამ სეტში წააგო თანამემამულე შელბი როჯერსთან – 6:1, 4:6, 6:7(5:7). ეს იყო სერენას პირველი წაგება კორონავირუსის კარანტინის შემდეგ.
მატჩი ორი საათი და ცხრა წუთი გაგრძელდა. უილიამსმა ოთხი ეისი შეასრულა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბოლო სეტის ტაი-ბრეიკაზე სერენა 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულა წააგო და მეტოქეს ვეღარ დაეწია.
როჯერსი ნახევარფინალში შვეიცარიელ ბელენ ტაიხმანს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში ამერიკელები – ჯენიფერ ბრეიდი და კორი გაუფი ითამაშებენ.