სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ნატო-ს მშვიდობისმყოფელები კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ვერ დაიცავენ, მაშინ ამას ბელგრადი თავად გააკეთებს
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ნატო-ს მშვიდობისმყოფელები კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ვერ დაიცავენ, მაშინ ამას ბელგრადი თავად გააკეთებს

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ნატო-ს მშვიდობისმყოფელები კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ვერ დაიცავენ, მაშინ ამას ბელგრადი თავად გააკეთებს. ამის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

მან ისაუბრა კოსოვოს ხელისუფლების განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც პირველი სექტემბრიდან სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად ახალი დოკუმენტისა და კისოვოს სანომრე ნიშნის აღება მოუწევთ.

სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს მთავრობას სურს, გააქროს სერბეთის სახელმწიფოს ნებისმიერი კვალი კოსოვოში და საბოლოოდ განდევნოს სერბები საკუთარი ტერიტორიიდან.

„ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენ ჩიხში მოგვამწყვდიეს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს დევნისგან, თუ ნატო-ს არ სურს ამის გაკეთება“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის გამყოფ ხაზთან ვითარება ივლისის ბოლოს დაიძაბა, როდესაც კოსოვოს მთავრობამ სერბეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების ახალი წესები აამოქმედა, რაც კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტისა და სანომრე ნიშნის აღებას გულისხმობს. კოსოვოში მცხოვრები სერბები ამას არ ეთანხმებიან, რადგაც ისინი კოსოვოს სერბეთის ნაწილად მიიჩნევენ. მათ პროტესტს მოჰყვა არეულობა და შეტაკებები. აშშ-ისა და ევროკავშირის თხოვნით, კოსოვომ ახალი წესების ამოქმედება პირველ სექტემბრამდე გადადო. გასულ კვირას ამ საკითხზე სასაუბროდ ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტი და კოსოვოს მთავრობის მეთაური შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.