ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საყოველთაო გაფიცვის დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიების ბრძანება გასცა და დემონსტრაციებზე ცრემლსადენი გაზის გამოყენება აკრძალა

13:19, 12.11.2026

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ პოლიციის გენერალურ დირექტორს დაავალა, შეისწავლოს საყოველთაო გაფიცვის დროს სამართალდამცველების ქმედებები და დაადგინოს, დაირღვა თუ არა დადგენილი პროტოკოლები.

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გამოძიება დამოუკიდებლად ჩატარდება და განცალკევებული იქნება ეროვნული პოლიციის შიდა ინსპექციისგან, რომელიც სამართალდამცველების მოქმედებების კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს.

მინისტრმა ასევე ბრძანება გასცა ცრემლსადენი გაზის გამოყენების აკრძალვის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც მადრიდში, საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ ძალა და წიწაკის სპრეი გამოიყენა. საპროტესტო აქციაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

ამასთან, პროფკავშირებში განაცხადეს, რომ მადრიდის საბითუმო ბაზარ „მერკამადრიდში“ გაფიცვის საინფორმაციო პიკეტის მონაწილეთა წინააღმდეგ გაზის გამოყენების გამო სასამართლოში სისხლის სამართლის საჩივარს შეიტანს.

ცნობისთვის, ესპანეთში 11 ნოემბერს გამართული საყოველთაო გაფიცვა სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა. მადრიდში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკებები მოხდა დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გრან ვიასა და კალაოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაძაბული ვითარება იყო მადრიდის საბითუმო ბაზარ „მერკამადრიდთანაც“, სადაც დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის ჩარევის შედეგად რამდენიმე დემონსტრანტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პროფკავშირების ინფორმაციით, დაშავდა, სულ მცირე, 13 ადამიანი.

საყოველთაო გაფიცვის მთავარი მოთხოვნები ხელფასების გაზრდა, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საჯარო მომსახურების ხარისხის ამაღლება იყო. აქციები ესპანეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, 11 ნოემბერს, 23 საათის მდგომარეობით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებული 1 144 ინციდენტი აღრიცხეს. ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 47 ადამიანი.

მსგავსი