„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს შესთავაზა, მოამზადოს ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი პროექტი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს შესთავაზა, მოამზადოს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტი, რომელშიც მოსკოვი, საკუთარ მოთხოვნებთან ერთად, დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართულ საკუთარ ნაბიჯებსაც განსაზღვრავს, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
გამოცემა აღსანიშნავს, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ითხოვდა ისეთ შეთანხმებას, რომელიც ნატო-ს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას შეამცირებდა. წარსულში ვაშინგტონი ამ მოთხოვნებს უარყოფდა, თუმცა ახლა, უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში, მზად არის, ისინი გარკვეული ფორმით განიხილოს.
როგორც „აქსიოსი“ წერს, ამ საკითხის კიდევ ერთხელ განსახილველად დღეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდებიან.
ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ვაშინგტონს ასევე სურს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას დათანხმდეს.
„ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის წინადადება აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მოლაპარაკებების მიმდინარეობაში ჩახედული წყაროების ცნობით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უპასუხოდ დატოვა მისი 2021 წლის წერილი უსაფრთხოების შესახებ. საპასუხოდ, კუშნერმა და უიტკოფმა რუსეთის დელეგაციას განუცხადეს, რომ 2021 წლის შემდეგ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. მათ მოსკოვს შესთავაზეს ახალი პროექტის მომზადება, რომელიც გაითვალისწინებს რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ასევე გაწერს იმ „სიმეტრიულ ნაბიჯებს“, რომლებსაც რუსეთი კონფლიქტის დეესკალაციისთვის და ევროპის დასარწმუნებლად გადადგამს, რომ მომავალში თავდასხმას არ განახორციელებს“, – ნათქვამია „აქსიოსის“ სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაციის ამ იდეას ევროპელი პარტნიორები და უკრაინა სკეპტიციზმით ხვდებიან. მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ომის დასრულების სანაცვლოდ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის იდეა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გეგმას „სახიფათო“ უწოდა, რადგან რუსეთს ომის შეწყვეტის არანაირი სურვილი არ ეტყობა.
თავის მხრივ, აშშ არწმუნებს ევროპელ მოკავშირეებს, რომ არ დათანხმდება რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელშიც ევროპა და უკრაინა არ იქნებიან ჩართული, არც რუსეთს მისცემს ვეტოს უფლებას ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე.