საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს – სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები, სპორტის გულშემატკივრები.
შეხვედრას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გაიხსენა ახლახანს დამთავრებული ევროპული თამაშების პერიპეტიები, მაღალი შეფასება მისცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებაში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას, ვინც უზრუნველყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმატებული გამოსვლა მინსკში.
მოგეხსენებათ, მინსკში სპორტის 10 სახეობაში საქართველოს 61-მა წარმომადგენელმა იასპარეზა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ წინა თამაშების შედეგი და სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოვიპოვეთ. მათ შორის – 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე ადგილი გვერგო, მედლების რაოდენობით – მეხუთე. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თამაშებში მონაწილე საქართველოს ყოველმა მეორე სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა წამყვანი სპორტული ქვეყნების ნაკრები გუნდები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგვწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, – ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ქვეყანაა ევროპაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს მინსკში, რათა გაეხარებინათ სპორტის გულშემატკივრები. ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება ღირსეულად აფასებს თქვენს შრომას და თავდადებას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ მადლობის სიტყვებით, არამედ სოლიდური პრემიებით, რომელითაც თითოეული თქვენთაგანის სპორტული წარმატება აღინიშნება.
ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი ეტაპი. სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტეტი, სპორტული ფედერაციები ზრუნავდნენ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე წარმართულიყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, ოპერატიულად მოგვეგვარებინა ყველა პრობლემური საკითხი, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის შეგვექნმა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამ ძალისხმევამ ჩინებული შედეგი გამოიღო. ევროპული თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, სპორტული ცხოვრება კი გრძელდება. მოახლოვდა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრება – ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2020 წლის ივლის-აგვისტოში ტოკიოში გაიმართება.
ბევრ თქვენთაგანს წინ ელოდება ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირები, შემდგომში კი – უშუალოდ ოლიმპიური სტარტები. ჩვენ ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ტოკიოში ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა.“
სეოკ-ის პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებმაც მინსკში სხვადასხვა ხარისხის მედლები მოიპოვეს:
ოქროს მედალოსნები
1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
2. დავით ლორიაშვილი (სამბო)
3. ლევან ნახუცრიშვილი (სამბო)
4. ბექა ბერძენიშვილი (სამბო)
5. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
6. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)
ვერცხლის მედალოსნები
1. მინდია ლილუაშვილი (სამბო)
2. ნინო ოძელაშვილი (სამბო)
3. ელენე ქებაძე (სამბო)
4. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
5. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
6. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
8. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
9. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
10. სახილ ალახვერდოვი (კრივი)
ბრინჯაოს მედალოსნები
1. ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)
2. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
4. ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
5. ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
6. ბესარიონ ბერულავა (სამბო)
7. გივი ნადარეიშვილი (სამბო)
8. პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
9. გენადი ჩირგაძე (სამბო)
10. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
11. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
12. დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
13. ოთარ ერანოსიანი (კრივი)
14. გოგიტა არქანია (კარატე)
მადლობის სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მინსკში ახლდა ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას და უშალოდ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს სპორტულ შეჯიბრებებს. მან ხაზი გაუსვა ამ წარმატების მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის, ღირსეული გამოსვლა მიულოცა სპორტსმენებს და მათს მწვრთნელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალში ამ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს მიესალმნენ ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონები – გურამ საღარაძე და ლუკა კურტანიძე, არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა სახელით შეკრებილებს მიმართა ჩვენი დელეგაციის მედროშემ, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც მინსკში ოქროს მედალი დაისაკუთრა.