ლერი ხაბელოვი- ჩვენმა კონკურენტებმა ვარჯიში უკვე დაიწყეს
ლერი ხაბელოვი- ჩვენმა კონკურენტებმა ვარჯიში უკვე დაიწყეს

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა და მისმა წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მთავარი თემა კოვიდ 19-ით შექმნილი ვითარების შედეგად სპორტსმენთა ვარჯიშის განახლების საკითხი იყო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ არსებითად შეცვალა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი, ფაქტობრივად შეწყდა ყოველგვარი სპორტული აქტივობა, გაუქმდა ან გადაიდო მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებები.

სეოკ-ის აღმასკომის წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის განახლება, რაც აუცილებელია სპორტული ფორმის აღსადგენად, შემდგომში კი სალიცენზიო და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში წარმატებული მონაწილეობისთვის. გადაწყდა, რომ აღმასკომის წევრების სახელით ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნოს საქართველოს მთავრობაში.

ლერი ხაბელოვი (საქართველოს) ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი:

„მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა სპორტსმენებმა საწვრთნელი პროცესი დროულად დაიწყონ. მთავრობისგან მიღებული გვაქვს პროტოკოლი, რაც ძალიან რთული იქნება ჩვენი ოლიმპიელებისთვის. მათ ჯერ 14 დღიანი კარანტინი მოუწევთ, შემდეგ შეკრება, რაც ფაქტიურად დროში ძალიან გაიწელება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ მთავრობას, რომ ის 200 სპორტსმენი, მათ შორის ვისაც უკვე ლიცენზია აქვს ოლიმპიური თამაშებისთვის, ასევე ისინი ვინც სალიცენზიო ტურნირებისთვის ფორმაში უნდა ჩადგნენ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვარჯიში. გვინდა რომ თვის ბოლომდე ეს პრობლემა გადაიჭრას, რადგან უკვე ჩანიშნულია სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები, რომელშიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ამისთვის კი სპორტსმენთა მომზადებაა საჭირო. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს კონკურენტებს და საწვრთნელი პროცესი უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის ჩვენ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის 8 ლიცენზია გვაქვს და გვინდა რომ ეს რიცხვი 35-მდე გაიზარდოს.“