23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ვეტერან ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები გადასცა. წელს სეოკმა შვიდი ოლიმპიური ჩემპიონი გამოარჩია: ლევან თედიაშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, გელა კეტაშვილი, დავით ხახალეიშვილი, ვაჟა კაჭარავა, ქეთევან ლოსაბერიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი.

გელა კეტაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი)

„ძალიან სასიამოვნო რომ ოლიმპიურ კომიტეტს არასდროს ვავიწყდებით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვართ. მინდა რომ ჩვენი მიღწევები მომავალი თაობისთვის მაგალითი იყოს. 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კი ქართველი სპორტსმენებისგან ტრადიციულად წარმატებულ შედეგებს ველოდებით.“

გარდა ვეტერანი სპორტსმენებისა, სეოკის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპეციალური სერთიფიკატით, ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნებით სეოკ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ შემოქმედებით კონკურსში – „მოგზაურობა ოლიმპეთში“ გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. გამოვლინდნენ ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის წარმატებული მონაწილეებიც. კონკუსში გამარჯვებულთა ნახატები ოლიმპიურ კომიტეტში გამოიფინება, რომელიც საერთაშორისო და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში ელექტრონულად გაიგზავნება.

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა და ის 1948 წლიდან აღინიშნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. წელს მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციის გამო აღნიშნული თარიღის მასშტაბურად აღნიშვნა ვერ მოხერხდა.