საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როდესაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების მომავალთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება და მოწოდება ისმის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი თამაშების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით სპორტსმენებს მიმართავს.

ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ძვირფასო სპორტსმენებო, ამ უპრეცედენტო კრიზისში ყველა ერთნი ვართ. ჩვენც თქვენსავით აღელვებული ვართ იმით, რაც COVID-19-ის პანდემიის გამო ხდება მსოფლიოში. ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი პრინციპია ასპარეზობათა ყველა მონაწილის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის ხელშეწყობა. დღეს ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად  ზედმიწევნით ვაფასებთ მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას და მის გავლენას ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის გადავადების სცენარს. გულმოდგინედ ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შემდგომ ოთხ კვირაში დავასრულებთ“, – ოლიმპიელებს მიმართავს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს 24 ივლისიდან  9 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპური – 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.