სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს პარიზში პიერ დე კუბერტენის მედალი გადაეცა
სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს პარიზში პიერ დე კუბერტენის მედალი გადაეცა

დღეს პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფისში პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. მას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა IOC-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტმა, ჯონ კოუტსმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ IOC-ის წევრები, საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის სხვა მაღალჩინოსნები, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ჯონ კოუტსმა ხაზი გაუსვა ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ამ საქმეში ელგუჯა ბერიშვილის მიერ შეტანილ გამორჩეულ წვლილს. მან მადლობა გადაუხადა ნომინანტს ოლიმპიურ მოძრაობაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ახალი წარმატებები უსურვა. კოუტსმა გამოარჩია ელგუჯა ბერიშვილის ნაყოფიერი საქმიანობა ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის, ასევე სეოკ-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში. მან ნომინანტს გადასცა IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის გულთბილი მილოცვა მედლით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

თავის სამადლობელ სიტყვაში ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლის, ბარონ პიერ დე კუბერტენის მედლის მიღება: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ამ ამბით. მადლობას მოვახსენებ IOC-ის პრეზიდენტს, ბატონ თომას ბახს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯონ კოუტსს, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებს, ვინც გამოარჩია და აღიარა ჩემი საქმიანობა ოლიმპიურ მოძრაობაში. მადლობა სეოკ-ის ხელმძღვანელებს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. მიხარია, რომ ჩემთვის მედლის გადმოცემა მოხდა პარიზის ოლიმპიური თამაშების დღეებში, როცა მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები სანუკვარი ჯილდოებისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლაში ჩართულნი არიან ქართველი სპორტსმენებიც, რომლებმაც უკვე შეძლეს ოთხი ოლიმპიური მედლის მოპოვება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მედალოსანთა რიგები გაიზრდება. საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი სპორტული ტრადიციებით. ოლიმპიურ სარბიელზე სხვადასხვა დროს მოპოვებულ მედლებთან ერთად, ჩვენ უკვე პიერ დე კუბერტენის მედალიც გვაქვს. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.“

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ პიერ დე კუბერტენის მედლით ელგუჯა ბერიშვილის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება შარშან მიიღო. ამასთან დაკავშირებით, IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ ლოზანიდან გამოგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამი იყო:
„ძვირფასო ბატონო ბერიშვილო,
დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ თქვენ დაგაჯილდოვათ პიერ დე კუბერტენის მედლით ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ნება მიბოძეთ, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გულწრფელად მოგილოცოთ ეს ჯილდო. პატივისცემით, თომას ბახი“.

ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი IOC-მა 1997 წელს დააწესა. ეს არის განსაკუთრებული სპეციალური ჯილდო, რომლითაც აღინიშნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სულისკვეთების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

დღემდე ეს მედალი ასამდე ლაურეატს გადაეცა, მათ შორის ხუან ანტონიო სამარანჩს (IOC-ის ყოფილი პრეზიდენტი), ემანუელ ზატოპეკს (მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში), ჰენრი კისინჯერს (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), რენიე III გრიმალდის (მონაკოს ყოფილი მმართველი პრინცი), კურტ ფულგერს (შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი), ჯოვანი ანელის („ფიატის“ ყოფილი პრეზიდენტი), ჟოაო აველანჟს (ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) და სხვებს.

ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა.