სენსაციებმა ვითარება შეცვალა - დიდი ალბათობაა, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფს უმასპინძლოს #1TVSPORT
დღეს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს „ვიკტორია სტედიუმზე“ ესტუმრება – C ლიგაში არსებული ვითარების გამო, ეს მატჩი უდიდეს ყურადღებას იქცევს და შესაძლოა, საკვანძო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
„ჯვაროსნებს“ რეალური შანსი გაუჩნდათ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულებიდან პირველ ადგილზე გავიდნენ და ამ გათამაშების შემდეგ გასამართ ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში C დივიზიონის გამარჯვებულებში ყველაზე სუსტს ნაკრებს, ყაზახეთს უმასპინძლოს.
გუნდების განლაგება C დივიზიონის ბოლო ტურებში გამართულ შეხვედრებში მოულოდნელად შეიცვალა. გამარჯვებულები ამ დროისთვის უკვე ცნობილია – თურქეთი (C1 ჯგუფი), საბერძნეთი (C2 ჯგუფი), ყაზახეთი (C3 ჯგუფი) და საქართველო (C1 ჯგუფი). ოთხივე გადავიდა B ლიგაში. მაგრამ თავიდან თუ ლიდერები თურქეთი და საბერძნეთი იყვნენ, ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა.
მთავარია, ვინ იქნება საუკეთესო პირველადგილოსანი. მეოთხე ტურამდე საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე იყო, ახლა კი მეორეზეა და პირველზე დაწინაურების რეალური შანსი გააჩნია. C2 ჯგუფში თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა მე-5 ტურში დაამარცხა მანამდე უდანაკარგო საბერძნეთი, რომელიც 12 ქულით (ბურთების სხვაობა +6) მეოთხე ადგილზე დააქვეითა.
ამით შეეძლო ესარგებლა C3 ჯგუფის გამარჯვებულ ყაზახეთის ნაკრებს, მაგრამ გამოჩნდა, რომ ის ოთხეულში ყველაზე სუსტია და გასვლაზე აზერბაიჯანთან 0:3 დამარცხდა – გოლები გაიტანეს მაროჩკინმა (69. ავტოგოლი), ოზობიჩმა (74) და ნურიევმა (90+1). ყაზახეთმა გათამაშება 13 ქულით და ბურთების სხვაობით +2 დაასრულა და საუკეთესოებში მოხვედრის შანსი დაკარგა. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს გუნდი საბერძნეთს გაასწრებს, C ლიგის ოთხ გამარჯვებულს შორის მესამეზე გავა და ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალს გასვლაზე ითამაშებს.
თურქეთმა პირველობის შესანიშნავი შანსი გაანიავა, რადგან ბოლო ტურში გასვლაზე ფარერების ნაკრებთან დამარცხდა 1:2. მასპინძლებიდან გოლები დავიდსენმა (53) და ედმუნდსონმა (59) გაიტანეს, ხოლო სტუმრებიდან – გურლერმა (89). თურქეთმა გამოსვლა 6 ტურის შემდეგ 13 ქულით (ბურთების სხვაობით +13) დაასრულა და ამ დროისთვის, პირველ ადგილზეა. მაგრამ დიდი შანსია, რომ მესამე ადგილზე დაქვეითდეს და ევრო 2024-ის ნახევარფინალი გასვლაზე ითამაშოს.
საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს, ხოლო ბურთების სხვაობა +12 და C დივიზიონის გამარჯვებულებში საუკეთესო მეორეადგილოსანია. მაგრამ „ჯვაროსნებს“ თამაში მარაგში აქვთ – 26 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი გასვლაზე გიბრალტარს ეთამაშება და მინიმალური მოგების შემთხვევაშიც კი C დივიზიონში საუკეთესო გუნდის სტატუსს მიიღებს. ფრეს შემთხვევაში კი მინიმუმ მეორე ადგილზე გავა და ნახევარფინალს სახლში ითამაშებს.
27 სექტემბერს საბერძნეთი შინ ჩრდილოეთ ირლანდიას მასპინძლობს – თუ საქართველომ მოიგო, ბერძნები ვეღარ დაგვეწევიან და C დივიზიონის გამარჯვებულებში მეორე ადგილზე გავლენ. ასე რომ ყველაფერი, გიბრალტარი-საქართველოსა და საბერძნეთი-ჩრდილოეთ ირლანდიის დაპირისპირებაში გაირკვევა.