სენსაციები ლიგა 2-ში - ლიდერების მარცხით „ვიტ ჯორჯიამ“ ისარგებლა
სენსაციები ლიგა 2-ში - ლიდერების მარცხით „ვიტ ჯორჯიამ“ ისარგებლა

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრებში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა წარუმატებლად ითამაშეს.

გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე „თელავმა“ აუტსაიდერ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:3 დამარცხდა. 47-ე წუთზე ილია ბერიაშვილი თელაველები დააწინაურა, მაგრამ ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფერსონ ჯერალდომ 49-ე და 58-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, 90-ე წუთზე კი „შუქურას“ კაპიტანმა, გიორგი ჩელებაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ქობულეთელებმა მარტის შემდეგ პირველად მოიგეს 1:3.

„ცხინვალს“ „ნორჩ დინამოსთან“ შეხვედრამდე ახალი მთავარი მწვრთნელი, იური გაბისკირია დაუნიშნეს. ამან გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა. სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში მყოფმა გუნდმა მეორეადგილოსან „ნორჩ დინამოს“ 1:0 მოუგო და პირველი ადგილის დაბრუნების შესაძლებლობა წაართვა. გოლი 62-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა გაიტანა.

„ნორჩი დინამო“ ლიდერობას შეელია და 24 ქულით მეორე ადგილზეა, პირველზე კი 26 ქულით „ვიტ ჯორჯიაა“.