სენატის უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში ბრალდების მუხლი სენატში ორშაბათს გაიგზავნება
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის ფარგლებში ბრალდების მუხლს სენატში ორშაბათს გაგზავნის, რაც სენატში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი გახდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„მე ვესაუბრე სპიკერ პელოსის, რომელმაც შემატყობინა, რომ ბრალდების მუხლს სენატი ორშაბათს მიიღებს“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 14 იანვარს დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი, წინააღმდეგი წავიდა. აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.
იმის იუხედავად, რომ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობას აღარ იკავებს, სენატში იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელება შესაძლებელია. ამასთან, სენატში კენჭისყრა დონალდ ტრამპისთვის მომავალში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვის საკითხზეც შესაძლოა, გაიმართოს.