სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიება დაიწყო
აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა.
პიტერსმა აღნიშნა, რომ კომიტეტი იწყებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ორპარტიულ გამოძიებას. მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება და მოსმენები მიმდინარე თვეში დაიწყება.
„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ორპარტიული გამოძიება შიდა უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან, რათა გადავხედოთ მომხდარ მოვლენებს და დავადგინოთ, იყო თუ არა უსაფრთხოების კუთხით დარღვევები. ვეცდებით, პროცესები დავაჩქაროთ. ახლა ჩვენ ვითხოვთ დეტალურ ბრიფინგს კომიტეტის წევრებისთვის. ჩვენ ასევე გვექნება მოსმენა და ვეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ“, – განაცხადა პიტერსმა.
მისივე თქმით, ისინი გამოიყენებენ 2021 წლის 6 იანვარის გამოძიებას უსაფრთხოების ხარვეზების შესახებ, როგორც მაგალითს ამ ახალი ძალისხმევისთვის.
„თუ გახსოვთ, 6 იანვრის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ უსაფრთხოების კუთხით ხარვეზების თაობაზე ყოვლისმომცველი გამოძიება, რის შემდეგაც ჩვენ გვქონდა არაერთი რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს ახლა ვიყენებთ პრაქტიკაში აქ, კაპიტოლიუმში“, – აღნიშნა პიტერსმა.