სენაკის რესურსცენტრის უფროსი - მეორე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენის შემდეგ განახლდება
სენაკის რესურსცენტრის უფროსი - მეორე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენის შემდეგ განახლდება

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც დადგინდება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი და სკოლის შენობაში შესვლა იქნება უსაფრთხო, – ამის შესახებ სენაკის რესურსცენტრის უფროსმა, დარეჯან ზარანდიამ განაცხადა. დარეჯან ზარანდია ბავშვების ბუნებრივი აირით მოწამვლას გამორიცხავს.

„ბავშვების გაზით ინტოქსიკაციას გამოვრიცხავ, რადგან სკოლაში გათბობის სეზონი დასრულებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა შეამოწმეს ბუნებრივი აირი და გამორიცხეს.

გაურკვეველია თუ რის სუნი იყო, სპეციალური სამსახური იკვლევს საკითხს. შეიძლება, რომელიმე ბავშვმა მოიტანა სანთებელა, საიდანაც აირი გაიპარა, თუმცა დაზუსტებით ამას მე ვერ ვიტყვი“, – აღნიშნა დარეჯან ზარანდიამ.

შეგახსენებთ, სენაკის მეორე საჯარო სკოლის 26 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოში დღეს მოათავსეს. მოგვიანებით, ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი მოსწავლეებიდან უმრავლესობა სახლში გაწერეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.