საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერვეო საბჭო - ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ფილმში ადგილი აქვს დოკუმენტების არასწორ და მცდარ ინტერპრეტაციას
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერვეო საბჭო - ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ფილმში ადგილი აქვს დოკუმენტების არასწორ და მცდარ ინტერპრეტაციას

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ მიერ მომზადებული ფილმში – „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მოყვანილი ფაქტებით არ დასტურდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცდომა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე.

„სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე განიხილა „ჟურნალისტური რესურსცენტრის“ მიერ მომზადებული ფილმი, – „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და დაადგინა შემდეგი: სამეურვეო საბჭოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიაჩნია, რომ ფილმში მოყვანილი ფაქტებით არ დასტურდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცდომა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით და ასევე, ადგილი აქვს სხვა დოკუმენტების არასწორ და მცდარ ინტერპრეტაციას. სამეურვეო საბჭო ეთანხმება მაუწყებლის მენეჯმენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება სიმართლის დასადგენად“, – ნათქვამია სამეურვეო საბჭოს დადგენილებაში.

ფილმი „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მოამზადა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ (წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი). „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ (JRC) 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „შემოქმედებით გუნდსა და მაუწყებელთა გაერთიანებული თვითრეგულირების ორგანოს ჩართულობით წარმოებული განხილვის შედეგად, JRC მკაფიოდ ადგენს, რომ ფილმში არც ერთი მითითებული დეტალი არ არის დასარედაქტირებელი და შესაცვლელი“.

რაც შეეხება საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის პოზიციას, აღნიშნულ ფილმს საქართველოს პირველი არხი აფასებს, როგორც არხის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რასაც დაჟინებით ეწევა ადამიანთა ერთი ჯგუფი და, რის შესახებაც უკვე არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან.

ამასთან, ფილმში არსებული უზუსტობების გამო, საქართველოს პირველმა არხმა მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, აგრეთვე, ევროკავშირს, რადგან აღნიშნული ფილმი ევროკავშირის დაფინანსებით არის მომზადებული.

უფრო დეტალურად „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ფილმის შესახებ სამეურვეო საბჭო დაახლოებით ორ კვირაში იმსჯელებს.

ამავე თემაზე იხილეთ:

მორიგი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ – განცხადება

ფილმში „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ასახული უზუსტობების სრული ნუსხა

დატოვე კომენტარი