ფილმში „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ასახული უზუსტობების სრული ნუსხა
ფილმში „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ასახული უზუსტობების სრული ნუსხა

დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას წარმოადგენს  ჟურნალისტური რესურსცენტრის ფილმი „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომელიც მომზადდა არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტების უგულებელყოფით, არამედ სამართლებრივი ნორმების დარღვევით.

ფილმი არ პასუხობს ჟურნალისტიკის არც ერთ სტანდარტს, რაც მთავარია, არ პასუხობს არც ერთ შეკითხვას, რომელიც დასმულია მომზადებულ მასალაში: „რატომ იკლო სარეკლამო შემოსავალმა პირველ არხზე? რა როლს თამაშობენ ე.წ. შუამავალი კომპანიები? სად და ვისკენ მივყავართ ფულის კვალს? ამას ემატება კონტექსტიდან ამოვარდნილი რესპონდენტების (სულხან სალაძე და ანა ნაცვლიშვილი) კომენტარები – „აჩენს კორუფციის სერიოზულ რისკებს“ და „ტოვებს, რიგ შემთხვევებში, კორუფციული გარიგებების წინაპირობას“.

გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ფილმში არ არის მოყვანილი არც ერთი ფაქტი ან/და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს.

არც ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ „გააჩენდა მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის მკაცრი შეზღუდვით განთავსების უფლების მინიჭება.

დეზინფორმაციის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ ცვლილებას, რომელსაც ჟურნალისტურმა რესურსცენტრმა ფილმი მიუძღვნა.

შეცდომაში შემყვანი, ცრუ ინფორმაციას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის დასაწყისში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლში – კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსების თავისებურებები – შეტანილი ცვლილებების შედეგად,  საზოგადოებრივ მაუწყებელს მოეხსნა სპონსორობაზე შეზღუდვა და გაუთანაბრდა კერძო კომპანიებს, ასევე გაორმაგდა კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი დრო და მაუწყებელს მიეცა უფლება, განათავსოს ყოველ საათში 12 წუთის რეკლამა.

დავუბრუნდეთ ფაქტებს. 2018 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის, გასართობი გადაცემისა და სერიალის სპონსორობა“, რაც შეზღუდვას გულისხმობს კონტენტის შესაბამისად. გარდა ამისა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს, და ასეთ შემთხვევაში „კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს)“, რაც არანაირად არ უტოლდება კერძო მაუწყებლებისთვის გათვალისწინებულ რეგულაციებს. ხსენებული 12 წუთი შეეხება მხოლოდ „სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს“ კომერციული რეკლამის განთავსებას, რა დროსაც „კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს)“, რითაც გასწორდა ხარვეზი, რომელიც დაშვებული იყო 2018 წლამდე მოცემულ მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რაზეც არაერთხელ გაკეთდა კომენტარი, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან.

შეცდომაში შემყვანია ინფორმაცია, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე არხის გაერთიანებაა – სამი სატელევიზიო: პირველი არხი, მეორე არხი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამი რადიოარხი: რადიო ერთი, რადიო ორი და აჭარის რადიო.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   351-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამართლებრივად ცალკე იურიდიული პირია, ამ სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა შესაბამისი დატვირთვით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ციფრი, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ფილმში, ასევე მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტს, რომელიც გამოყოფილი მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ს შეადგენს და დამტკიცების შემდეგ ირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.

ასევე, აღსანიშნავია ფილმში გაჟღერებული კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტმა 2019 წელს 59 000 000 ლარი, ანუ დაახლოებით 22 000 000 აშშ დოლარი შეადგინა.

რეალობა კი ის არის, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი მთლიანი თანხა ასევე მოიცავს აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტმა 2019 წელს შეადგინა 49 470 000 ლარი, რაც 2018 წლის დეკემბერში ან თუნდაც 2019 წლის იანვარში (მით უფრო ამჟამად, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,9121 ლარს შეადგენს) ვერანაირად იქნებოდა 22 000 000 აშშ დოლარი, არამედ დაახლოებით 18 528 000 აშშ დოლარს შეადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ფილმის ავტორები ხშირად ახსენებენ ციფრების/თანხების სხვაობებს, თითქმის 3,5 მლნ აშშ დოლარის სხვაობა უმნიშვნელო ციფრი ნამდვილად ვერ იქნება. ასევე მცდარია ფილმში მოყვანილი ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი გაორმაგდა, რადგან 2014 წლის მდგომარეობით, არხის ბიუჯეტი შეადგენდა 31 883 000 ლარს, რაც დღევანდელ ბიუჯეტთან მიმართებაში არ წარმოადგენს 50 პროცენტს.

ფილმში ყოვლად უკონტექსტოდ არის მოყვანილი ბატონ მამუკა ანდღულაძის კომენტარი – „ბევრი კითხვა არსებობს რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით“. უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია, რა კავშირშია ეს საკითხი ფილმის დასაწყისში მოყვანილ ცრუ ინფორმაციასთან ან/და ციფრებთან. ასევე სრულიად გაუგებარია, რა კითხვებს აჩენს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ამ ეტაპზე უპირველესად მოიცავს მაუწყებლის სავალალო ტექნიკურ/ტექნოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და საწარმოო მოცულობების ეტაპობრივ ზრდას, რაც არაერთი საჯარო მსჯელობის, განმარტების და კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით მსჯელობას მოითხოვს.

ფილმში ნახსენებია საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც გასაჯაროებისთანავე საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მწვავე კრიტიკის და პროტესტის საგნად იქცა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სწორედ ამ პროტესტის შედეგად არაერთხელ ჰქონდა ადგილი საერთაშორისო ანგარიშის კორექტირებას (მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის შემთხვევაში).

აბსურდულია ფილმში მოყვანილი კომენტარი, თითქოს რეკლამის განთავსების ნაწილში განხორციელებული ცვლილებებით რაიმე სახის ზიანი მიადგა რეგიონულ მაუწყებლებს, რაზეც უაპელაციოდ საუბრობს ბატონი ლევან ალექსიშვილი, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებს პირველ არხს სარეკლამო დროის ფაქტობრივად უფასოდ გასხვისებაში.

„რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვან კლებაზე“ საუბრისას აუცილებელია კონკრეტული ციფრებით  და ფაქტებით ოპერირება, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს არაერთხელ აქვს გაკეთებული განმარტება, რომ რეგიონული და ეროვნული მაუწყებლები სხვადასხვა ბაზრებზე ოპერირებენ, ანუ საუბარია სხვადასხვა სეგმენტების რეკლამის დამკვეთებზე. ასევე  რეგიონული და ეროვნული მაუწყებლები ვერ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები კომპანიების მიერ სარეკლამო ბიუჯეტების გადანაწილებაში, რადგან დამკვეთი ირჩევს კონტენტს, ან აუდიტორიას ან/და მიყვება საკუთარ სპეციფიკურ მარკეტინგულ სტრატეგიას, რაშიც რეგიონული და ეროვნული მაუწყებლები ერთმნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებზე არიან განთავსებული.

სიცრუეს და დეზინფორმაციას წარმოადგენს, თითქოს პირველი არხის სასპონსორო პაკეტები იაფია. პაკეტის შეთავაზებაში საუბარია სასპონსორო ტიხრის გასვლის რაოდენობაზე, ბატონი ლევან ალექსიშვილის კომენტარში კი შეფასებულია, როგორც რეკლამის გაშვების რაოდენობა. თუმცა იმავე ფასით გაყიდული სარეკლამო კამპანია არ ნიშნავს, რომ გაყიდულია იაფად, რადგან  დღეს რეკლამა თითქმის აღარ იყიდება წუთობრივად, არამედ პაკეტებად ან რეიტინგის მიხედვით. პირველი არხი იღებს იმ წილს, რა რეიტინგიც უკავია ბაზარზე (რაზეც კომენტარის გაკეთება არც ფილმის ავტორებს გამორჩათ).

პირველი არხის მიერ განსაზღვრული სარეკლამო შემოსავლების და განთავსების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია ფილმში 2014 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვის იმ ნაწილის მოყვანა, რომელიც სარეკლამო ტარიფების ნაწილს მოიცავდა, რადგან მოყვანილი პერიოდი არანაირად არ არის რელევანტური 2018 წლის პერიოდთან მიმართებაში, მით უფრო, რომ მთლიანად ფილმი აგებულია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაზეც 2014 წელს საუბარიც კი არ იყო.

ფილმის ავტორები მაუწყებლის მიერ მოწვეული გარე აუდიტის დასკვნაზე ირონიულად მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მნიშვნელოვანი შენიშვნები არ მიუღია. საგულისხმოა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ავალდებულებს, კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც შემდგომ ატარებს შემოწმებას. თუ ფილმის ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ შერჩეული კომპანიის მომზადებულ დასკვნას, ვფიქრობთ, ეს საჭიროებს რეაგირებას თავად კომპანიის მხრიდან, როგორც მისი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება. ეს ასევე წარმოადგენს სამეურვეო საბჭოსთვის მიმართვის საფუძველს, რადგან სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, სხვა ფუნქციებთან ერთად, იბარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ირჩევს აუდიტს შემოწმების ჩასატარებლად და იბარებს მის დასკვნას, ასევე მენეჯმენტის ანგარიშებს და ამტკიცებს თითოეული წლის ბიუჯეტს.

დეზინფორმაციის ეფექტის გასაძლიერებლად ფილმში არაერთი მეთოდია გამოყენებული, მათ შორის, მითითება სამოქალაქო საზოგადოებაზე, საექსპერტო შეფასებაზე. მაგალითად, საკადრო ტექსტს – „ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლის იდეას და კონსტიტუციის ჩანაწერს ეწინააღმდეგება“, მოჰყვება მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა თავმჯდომარის, ბატონ სულხან სალაძის კომენტარი, რომლის თანახმად, ის „ამჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უკვე იმატა კომერციულმა შინაარსმა“ და „ეთერში უფრო მეტი გადაცემაა წარმოდგენილი“ მისი აზრით, ისეთი, „რომელშიც სპონსორობა შეიძლება იყოს, ვიდრე ეს შეიძლება ვთქვათ, ორი წლის წინ იყო, მაგალითად“. გაუგებარია, რას ემსახურება ამის ხაზგასმა, რადგან სპონსორობა არ იყო კანონით დაშვებული, შესაბამისად, ვერც იქნებოდა. ამჟამად სამართლებრივად ეს თუ შესაძლებელია, სპონსორობის განუთავსებლობა და მოცემული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, თავად ბატონ სულხან სალაძის მიერ უარყოფითად ფასდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომერციული გავლენებისგან დაცვა არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ ყველა მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნაა და თავისთავად რეკლამის ან/და სპონსორობის ეთერში განთავსება ავტომატურად არ ნიშნავს გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ამ ნაწილშიც მიგვაჩნია, რომ საჭიროა კონკრეტული ფაქტების მოყვანა ან/და განხილვა და არა კომერციული გავლენის მოხდენის თეორიული დაშვება.

ფილმის ავტორები მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და მაყურებელს სთავაზობენ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციისას განთავსებული სარეკლამო დროის მოცულობის და შემოსავლების გარჩევას, რაც ასევე ციფრებით მანიპულირებაზეა დაფუძნებული და არა ფაქტებზე.

ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტის, „ბათუმელების“ ჟურნალისტის ინტერვიუ იწყება მისი ბუნდოვანი მინიშნებებით, „რომ მსოფლიო ჩემპიონატი საინტერესო თემაა, გარდა ამისა, ფინანსური ნაწილიც, ბუნებრივია, იწვევს ინტერესს, რადგან მარტივად დასაფიქსირებელია ის მომენტი, რომ აქ დიდი ფული ტრიალებს“. ჩვენთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ჟურნალისტი „დიდი ფულის ტრიალში“. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე სხვა ნებისმიერი მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრების ჩვენების ლიცენზია საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია და ამგვარი ღონისძიებების ჩვენების უფლების მოპოვებაში მაუწყებლის მიერ გადახდილი თანხები ასახულია შესაბამის საჯარო ანგარიშებში. ამავე დროს, განმარტებას საჭიროებს ის ინფორმაცია, რომელიც გამოთხოვილი იყო „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიერ და მას საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიეწოდა კანონით გათვალისწინებული მოცულობით სრულად. საუბარია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციისას გაყიდული სარეკლამო/სასპონსორო დროის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე, რომლებიც საბოლოოდ თავად „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიერ მითითებული კონკრეტული თარიღის – 2018 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, მის მიერვე არხისგან მიღებული მონაცემებით გარკვეული მანიპულაციის საგნად იქცა. საუბარია კონკრეტული რიცხვის/თარიღის ან/და პერიოდის მდგომარეობით ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალსა და დაკონტრაქტებულ სახელშეკრულებო ღირებულებაზე, რომლის გადახდა შესაძლებელია წლის ბოლომდეც იყოს გადანაწილებული და აისახება რომელიმე კონკრეტული კვარტლის ან/და სხვა პერიოდის შემოსავლის ჯამურ თანხაში. ჟურნალისტს მიეწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც ითხოვდა, გარდა იმ კონკრეტული ხელშეკრულებებისა, რომლებიც არა პერსონალურ ინფორმაციას (როგორც ეს ფილმშია ნათქვამი), არამედ სხვა კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებლობით ეკიდება მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საჯაროობას, მაგრამ რიგ შემთხვევაში საკითხი ეხება სხვა კომპანიის და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული საიდუმლოების გავრცელებას, რაზეც სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთი დავის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი და ანალოგიური დოკუმენტები სასამართლოს მიერ არ იყო მიჩნეული გასასაჯაროებელ ინფორმაციად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აკმაყოფილებდა განმცხადებლის ინტერესს, თუ რა მოცულობის დრო იყო გასხვისებული მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას და რა შემოსავალი მიიღო ჯამში მაუწყებელმა.

მცდარია ასევე ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასრულად ან/და არასწორად ასახავს ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის ანალიტიკურ ვებპორტალზე, რაც თავად კომისიის მონიტორინგის და დაკვირვების საგანია. ხაზგასასმელია, რომ ფაქტების დამახინჯებაზე ან საკითხის უცოდინრობაზე მიუთითებს არხის სარეკლამო შემოსავლების, თანხების განსხვავებულ ციფრებზე საუბარი.

პირველი არხის კვარტალურ ანგარიშში ორი ციფრია, ერთი – მიღებული შემოსავალი, რაც ბუნებრივია, აისახება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის ანალიტიკურ პორტალზე, მეორე – გაფორმებული სარეკლამო  კონტრაქტების მიხედვით შემოსავალი, რომელიც არ ნიშნავს უკვე მიღებულ შემოსავალს და ის ყოველთვის აცდენაშია ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალთან.

2018 წლის 30 ივნისს, მეორე კვარტლის ბოლოს ნამდვილად ვერ იქნებოდა ჩარიცხვები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის, რადგან გაწეული მომსახურების აღრიცხვა ხორციელდება მომდევნო კალენდარული დღის 15 რიცხვამდე, ხოლო ჩარიცხვა ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 დღეში. რაც შეეხება ფილმში მოხსენიებულ 16 ათას ლარს, ის მიღებულია როგორც ავანსი და არა გაწეული მომსახურების ღირებულება. ამავე დროს, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემი, გარდა 16 ათასი ლარის ავანსისა, მოიცავდა წინა წლების დავალიანების ჩარიცხვებსაც და მიმდინარე სპორტული ტრანსლაციებიდან მიღებულ შემოსავალს, როგორიც არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ზამთრის ოლიმპიადა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტლის ანგარიშში დეტალიზებულია თვეების მიხედვით კონტრაქტორი კომპანიები და სახელშეკრულებო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორების ამოცანა იყო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი, ლოგიკურია კითხვა, რატომ არ იყო გამოყენებული წლიური ანგარიშის მონაცემები, რომლებიც სრულ  ინფორმაციას იძლევა და შესაბამის სურათს ქმნის.

ფილმში მოყვანილია აშკარად ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსისგან“ მიღებული ინფორმაციით, „დაკვირვების პერიოდში“ (თუმცა პერიოდი დაზუსტებული არ არის) საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებამდე, კომერციული რეკლამა მხატვრული ფილმების, „მოამბის“ და სხვა გადაცემების დროს ჭრებშიც გადიოდა, რისი უფლებაც არხს არ ჰქონდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საინფორმაციო გადაცემა  „მოამბე“ არც ამჟამად იჭრება სარეკლამო განთავსებისთვის და არც ხსენებული ცვლილების კანონში შეტანამდე, ასევე არც რეკლამის ნაწილში მაუწყებლების მიერ კანონის დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და, დარწმუნებული ვართ, არც ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას ან არასამთავრობო სექტორს გამორჩებოდა და ყურადღების მიღმა დარჩებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის განთავსება მაშინ, როდესაც ეს კანონით იყო აკრძალული.

რაც შეეხება ფილმის ავტორების მიერ დადგმულ, როგორც თავად უწოდებენ, „ჟურნალისტურ ექსპერიმენტს“, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ დარღვეულია ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის მიმართ არსებული მოთხოვნები. ფილმის ავტორებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ დასაბუთებას, რომ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა იყო გამართლებული. ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ამგვარი მეთოდით მოპოვებული მასალის რედაქტირება, რასაც ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან ექსპერიმენტის მონაწილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შემთხვევაში. ფილმის ამ ნაწილში ბევრი კითხვა ჩნდება ჩაწერილი ინტერვიუების რედაქტირებასთან, უფრო ზუსტად, ე.წ. დაჭრასთან დაკავშირებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა კონტექსტიდან ამოღებული ფრაზებით მანიპულირება.

ფილმის მოცემული ნაწილი იწყება კითხვით: როგორ ჰყიდის მაუწყებელი კომერციულ დროს? – რაზეც თითქოს პასუხის გაცემის მიზნით, ხელოვნურად დადგმულია ე.წ. ექსპერიმენტი, რომლის „გმირი“ თითქოსდა მსხვილი თურქული კომპანიის წარმომადგენელი ფსევდო ბიზნესმენია.  მაუწყებლის მარკეტინგის სამსახურთან თითქოსდა მეტად გართულებული კომუნიკაციის მცდელობის გრძელი აღწერით, ფილმში მოყვანილია ნაწყვეტები ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრიდან, რომლიდანაც მაყურებელი იღებს გაურკვეველ „ინფორმაციას“, რომ ფსევდო ბიზნესმენი მხოლოდ მოკვლევის მიზნით უკავშირდებოდა მაუწყებლის სარეკლამო გაყიდვების მენეჯერს და პასუხად ზოგადი შეთავაზება და სხვა კომპანიაზე გადამისამართება მიიღო. ამის შემდეგ, ხსენებულ კომპანიაში მიმართვის შედეგად ვიგებთ ფსევდო ფირმის ფსევდო სარეკლამო ბიუჯეტის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არასახარბიელო გადანაწილების სქემას, რაც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას უტოვებს მაყურებელს, რადგან თუ მთავარი წუხილი და პრობლემა სხვა კერძო მაუწყებლებისთვის სარეკლამო შემოსავლების წართმევაა, თუნდაც გათამაშებული მოგონილი ეპიზოდიდან იკვეთება, რომ ფიქტიური ფირმის სარეკლამო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი კვლავ კომერციულ მაუწყებლებს რჩებათ.

ხაზგასასმელია, რომ ე.წ. „ექსპერიმენტის“ დადგმას სჭირდებოდა უფრო პროფესიული მიდგომა, რადგან ინსცენირების ფარგლებში არასწორად მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, რესპონდენტთან  სხვა კომუნიკაცია დამყარდა. კერძოდ, როდესაც კომპანია ითხოვს საკუთარი ბიუჯეტის დახარჯვას არხზე, მან ზუსტად იცის, რა მიზნებისთვის უნდა დახარჯოს, ხოლო არხი მას სთავაზობს თავის კონკრეტულ პროდუქტს, რომელშიც უნდა დაიხარჯოს აღნიშნული ბიუჯეტი, რაც კომპანიას სტრატეგიით გაწერილი აქვს. არხი ცდილობს, რაც შეიძლება ეფექტიანად დახარჯოს დამკვეთმა გაცხადებული ბიუჯეტი, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძინოს პარტნიორი და არ გახდეს დამკვეთისთვის მხოლოდ ერთჯერადი განთავსების პლატფორმა. არსებობს შემთხვევები, როდესაც დამკვეთს არ აქვს სარეკლამო სტრატეგია, ზუსტად არ იცის, რა მიზნის მიღწევა სურს განთავსებით, რას ელის კამპანიისგან. არხი, როგორც მხოლოდ გამავრცელებელი, დამკვეთს ვერ განუსაზღვრავს სამოქმედო გეგმას და საკომუნიკაციო სტრატეგიას. სწორედ ამიტომ არსებობენ სარეკლამო სააგენტოები, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობას ეწევიან. „ექსპერიმენტის“ ფარგლებში,  ფსევდო ბიზნესმენის მიერ დასახული ბუნდოვანი ამოცანებიდან გამომდინარე, განხორციელდა გადამისამართება შესაბამის კომპეტენტურ სუბიექტთან – სააგენტოსთან.

მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლის წარმომადგენელთან ინტერვიუ ჩაიწერა ფაქტობრივი ტყუილით, თითქოს მზადდებოდა მასალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში  შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით და  რესურსცენტრის ჟურნალისტს სჭირდებოდა მოკლე კომენტარი პირველი არხის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლისგან. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტისთვის მომართვა არ მომხდარა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, აუდიტორიის წინაშე პასუხი გაეცა იმ აშკარა ტყუილისთვის, რაც ასახულია ფილმში, რადგან ინტერვიუ რესპონდენტთან წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი რამდენიმე ფრაზით, ფილმში კი საუბარია, რომ ანგარიშებთან და კომერციულ გაყიდვებთან დაკავშირებული კითხვებით ჟურნალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მიმართა. რეალურად კი, მივიღეთ ელ.ფოსტაზე წერილი, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვდა მოკლე კომენტარს მხოლოდ არხის მარკეტინგის მენეჯერისგან და არა ფინანსური, იურიდიული სამსახურებისგან (რაც ლოგიკურად უნდა განხორციელებულიყო) ან რომელიმე დირექტორისგან.

მოყვანილი დადგმული „ექსპერიმენტის“ „მიგნებებზე“ კითხვების დასმის მცდელობა ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილესთვის, ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილისთვის ჩამორთმეული 1,5-საათიანი ინტერვიუს ფარგლებში.  იმის გათვალისწინებით, რომ ინტერვიუს მოკლე ქრონომეტრაჟიანი ნაწილები წყვეტილად არის ჩასმული ფილმის სხვადასხვა ეპიზოდებში, თინათინ ბერძენიშვილის პასუხები არ ასახავს სარეკლამო განთავსებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც შედარებით სრული სურათის შექმნას შეუწყობდა ხელს. ეს კი აშკარად არ მოდიოდა თანხვედრაში ფილმის ავტორების დასახულ მიზნებთან, რომ არასწორი, მცდარი წარმოდგენები შეექმნათ საზოგადოებაში მაუწყებელში რეკლამის განთავსებასთან მიმართებაში გაურკვეველ „სქემებთან“ დაკავშირებით.

და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი არ არის დაბალი, რადგან არ არსებობს წარსულში მსგავსი შესადარებელი ისტორიული პერიოდი, რომლის მონაცემებთანაც უნდა განხორციელდეს შედარება. გაყიდული მომსახურება არის არხის რეიტინგის შესაბამისი, ამგვარად, ერთი ხელის აღებით, არ ხდება ამ ველზე დაბრუნება. ეს პროცესია და მას გარკვეული დრო სჭირდება. დიახ, პირველი არხი ახალი პროდუქტებით გავიდა ბაზარზე და მოლოდინი გვაქვს, რომ გუნდის ერთობლივი ეფექტიანი მუშაობის შედეგად სამომავლოდ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება.

ფილმის ავტორები, როგორც ჟურნალისტები, თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდნენ იმ ნორმებით და სტანდარტებით, რომლებსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 12.03.2009წ. №2 დადგენილებით  დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“.  დაცული უნდა იყოს  ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი, რომლის თანახმადაც,  ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია აუდიტორიას მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით, არ უნდა იყოს დაშვებული ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას არ უნდა იყოს დამახინჯებული რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა იყოს განხორციელებული სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით.

მიგვაჩნია, რომ ფილმის შექმნისას, ავტორების, როგორც ჟურნალისტების მიერ სწორედ ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი არის დარღვეული.