საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2020 წლის 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

25 აგვისტოს გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.