საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

საქართველოს დიპლომატიური მისიები თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო სოციალურ ქსელებში მწუხარებას გამოთქვამენ.

„17 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილების გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა არის გარდაცვლილთა ოჯახებთან და მეგობრებთან, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია დოჰაში საქართველოს საელჩოს მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის შენობაზეც.

„დღეს, 2019 წლის 17 იანვარს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში მდებარე საქართველის საელჩოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა, საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით. 16 იანვარს, თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი, რის გამოც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გამოცხადებულია ეროვნული გლოვის დღედ, ხოლო საქართველოს ყველა სახელმწიფო/ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, დაშვებულია საქართველოს ეროვნული დროშა“, – ნათქვამია სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა მისიამ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე.

„თბილისში აფეთქებით გამოწვეულმა საშინელმა ინციდენტმა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. განადგურებული ვარ მცირეწლოვნის გარდაცვალების ამბით. ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს დიპლომატი „ტვიტერში“.

ამასთან, როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვა თბილიში წუხელ მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთანაა. საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. საქართველოს დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებზე“, – ნათქვამია გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს საქართველოს საელჩოების შენობებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, ქუვეითში, ნიდერლანდებში, კორეის რესპუბლიკაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.