საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პაციენტის დაფინანსების მოცულობა დიაგნოზზე, ასაკსა და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პაციენტის დაფინანსების მოცულობა დიაგნოზზე, ასაკსა და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანაზღაურების ახალი სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას.

სამუშაო შეხვედრაზე DRG სისტემის უპირატესობებსა და მოსალოდნელი შედეგებზე ინფორმაცია, საპილოტედ შერჩეული კლინიკების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მიაწოდეს. საქართველოს DRG სისტემის დანერგვის პროცესში კონსულტაციას სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  უწევს.  აღნიშნული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება.

როგორც ორგანიზაციის ექსპერტებმა აღნიშნეს, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი უფრო ხარჯეფექტური, გამჭვირვალე და ფინანსური თანასწორობის ხელშემწყობი იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG სისტემა ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის მომსახურების უფრო ეფექტიანად მიწოდებასა და რესურსების უკეთეს განაწილებას.