საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი - საქართველო მსოფლიო ლიგის სუპერფინალზე მნიშვნელოვან ტურნირებსაც გაუმკლავდება #1TVSPORT
წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალის გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა გააკეთა.
„მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივი და ნდობაა. ეს ოლიმპიადამდე ხდება და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ აქედან წასული მოთამაშეები ინფიცირებულები იყვნენ. ამიტომ სპორტსმენები სასტუმროში იზოლირებულად იცხოვრებენ და ყოველდღიურად სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.
საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი არხთან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას უმიზნებს:
„საერთაშორისო ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მჯერა, რომ ეს დასაწყისია, რომელსაც გაგრძელდება მოჰყვება. საერთაშორისო ტურნირები აქამდეც ჩაგვიტარებია და მჯერა, საქართველო უფრო მნიშვნელოვან შეჯიბრებებსაც ღირსეულად გაუმკლავდება“.
ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა წყალბურთის განვითარების პროგრამაზეც ილაპარაკა:
„ჩემს საარჩევნო პროგრამაში ყველა მსხვილ ქალაქში სტანდარტული აუზის აშენებაა გათვალსიწინებული. ბათუმსა და ქუთაისში ყოველთვის ძლიერი მოთამაშეები გვეზრდებოდა, ახლა კი სტანდარტული აუზი ყველგან პრობლემაა. ამიტომ მთავარია, ჩვენი პროგრამა განხორციელდეს და საქართველოში აუზების რაოდენობა გაიზარდოს“.
26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს. მსგავსი შეჯიბრების მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის გრანდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ითამაშებს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი შეეჯიბრებიან. მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.