საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს — #1tvმეცნიერება
საუკუნეების წინ დაწერილი და დალუქული წერილი მეცნიერებმა ვირტუალურად გახსნეს და წაიკითხეს — #1tvმეცნიერება

სამასზე მეტი წლის წინ, ვიღაცამ ჩახლართულად დაკეცა, დალუქა და გააგზავნა წერილი, რომელიც ადრესატს არასოდეს ჩაბარებია. ახლახან, მეცნიერებმა რენტგენული სხივების გამოყენებით „გახსნეს“ ეს და სხვა ასე დალუქული წერილები, რომლებიც ჰააგაში, მე-17 საუკუნის ყუთში ინახებოდა.

დასალუქი კონვერტების გამოგონებამდე საუკუნეებით ადრე, პირადულ მიმოწერას უცხო თვალისგან კომპლექსური დაკეცვის მეთოდით იცავდნენ, რომელსაც „წერილის ჩაკეტვას“ ეძახდნენ. შედეგად, წერილი თავად იქცეოდა ერთგვარ დაცულ კონვერტად.

თუმცა, დღემდე მოღწეული ასე ჩაკეტილი წერილები მყიფეა და ფიზიკურად მათი გახსნა მხოლოდ ნაკუწებად დაჭრით არის შესაძლებელი.

რენტგენული სხივების ახალი მეთოდი ამის არაინვაზიურ ალტერნატივას სთავაზობს, ისე, რომ წერილი არ გავხსნათ.

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ეს მეთოდი რენესანსის ხანის „ჩაკეტილ“ წერილებზე მოსინჯეს, რომლებიც 1926 წლიდან ინახებოდა ჰააგაში, ნიდერლანდების საფოსტო მუზეუმში.

სკივრში 3100-ზე მეტი ჩაუბარელები წერილია, მათგან 577 გაუხსნელი, ჩაკეტილია. ბრიენის კოლექციის სახელით ცნობილი ეს წერილები შესრულებულია ნიდერლანდურად, ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, ლათინურად და ესპანურად.

უცნობ მიზეზთა გამო, ჰააგაში ჩასვლის შემდეგ ეს წერილები ადრესატებთან ვეღარ იგზავნებოდა და მათ ფოსტმაისტერი სიმონ დე ბრიენი ინახავდა.

საიმედოდ დალუქვისთვის, ჩაკეტილ წერილებში სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული, მათ შორის, დაკეცვა და დახვევა, გრძელი ჭრილები და ხვრელები, დაჭმუჭვნა და წებო; ასევე ჭკვიანურად მოფიქრებული სხვადასხვა საკეტები.

დაკეცილი ქაღალდის ფენებში შეღწევის მიზნით, კვლევის ავტორებმა რენტგენული მიკროტომოგრაფიის სკანერი გამოიყენეს, რომელიც ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში გამოიგონეს.

სკანერი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია აღრიცხოს კბილის მინერალური შემცველობა, რაც ფასდაუდებელია სტომატოლოგიურ კვლევებში.

„ეს ძლიერ მგრძნობიარე ხელსაწყო ასევე აღიქვამს გარკვეული ტიპის მელანს ქაღალდსა და პაპირუსებზე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, დედოფალ მერის უნივერსიტეტის 3D რენტგენული ვიზუალიზაციის პროფესორი გრაჰამ დევისი.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, დევიდ მაილსის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა სკანირებული ფოტოების ასოებად გადაქცევა შეძლეს და შედეგად, პირველად სამასი წლის შემდეგ, წერილების შინაარსი წაიკითხეს.

სკანირებული ფოტოებით მკვლევრებმა წერილების 3D ციფრული რეკონსტრუქცია ააწყვეს, შემდეგ კი შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელმაც დაკეცვის დახვეწილი მეთოდები ნაკეც-ნაკეც გაშიფრა და წერილები ვირტუალურად, ფიზიკურად გახსნის გარეშე გახსნა.

ამ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა ციფრულად გახსნეს ოთხი წერილი და ერთ-ერთი მათგანის, სახელად DB-1627-ის შინაარსიც გაშიფრეს.

წერილი 1697 წლის 31 ივლისს არის დაწერილი მამაკაცის, სახელად ჟაკ სენაკის მიერ, რომელსაც ის ჰააგაში მცხოვრებ ბიძაშვილს, პიერ ლე პერს უგზავნიდა. საფრანგეთის ქალაქ ლილში მცხოვრები სენაკი, რომელიც იურისტი ყოფილა, თავის ბიძაშვილს სხვა ახლობლის, სახელად დანიელ ლე პერის გარდაცვალების მოწმობას სთხოვდა. მკვლევართა აზრით, ალბათ მემკვიდრეობის მოთხოვნის გამო.

„მისი წერილი ადრესატს არ ჩაბარებია; შემდეგ წერილებში სენაკი ბიძაშვილს ოჯახის ამბებს ეკითხება და ღვთის წყალობას უსურვებს“, — წერენ ავტორები.

„არ ვიცით, რატომ ვერ მიიღო ლე პერმა სენაკის წერილები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრები ხშირად იცვლიდნენ ადგილს, სავარაუდოა, რომ ლე პერი უკვე სხვაგან იყო გადასახლებული“, — ამბობენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ მეთოდით ახლა უკვე შესაძლებელია ათობით ათასი ასეთი პირადული წერილის წაკითხვა, რომლებსაც დღის სინათლე დაწერის შემდეგ არასოდეს უნახავთ.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი