XI საუკუნის რელიგიური ტექსტის ქვეშ დამალული უძველესი სამედიცინო ჩანაწერები რენტგენით აღმოაჩინეს
XI საუკუნის რელიგიური ტექსტის ქვეშ დამალული უძველესი სამედიცინო ჩანაწერები რენტგენით აღმოაჩინეს

ამბობენ, წიგნი ყდით არასოდეს უნდა განსაჯოთ, მაგრამ თურმე, ზოგჯერ არც მის ფურცლებზე დაწერილ სიტყვებს დაეჯერება.

რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიელმა მეცნიერებმა მე-11 საუკუნის რელიგიური ტექსტების შემცველი წიგნის კვლევა დაიწყეს. ერთი შეხედვით, ეს გამძლე წიგნი ფასდაუდებელ ისტორიულ არტეფაქტს ჰგავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ვითარება იმაზე გაცილებით სხვანაირია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


რელიგიური ხელნაწერი უძველესი საფარის ქვეშ სიმართლეს მალავს — ჩანაწერებს ადამიანის შესახებ, რომელიც ამ წიგნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მოღვაწეობდა და მიჩნეულია თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთ მამად.

ეს გახლდათ კლავდიუს გალენოსი — მე-2 საუკუნეში რომის იმპერიაში მოღვაწე ბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი, რომელიც თავის სწავლებითა და ნაშრომებით ანტიკური ხანის მედიცინის ერთ-ერთი უდიდეს კლასიკოსად იქცა,მაგრამ ისტორიამ ბევრი რამ მაინც ვერ შემოგვინახა.

პერგამენტი აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის SLAC-ის ეროვნული აქსელერატორის ლაბორატორიის მეცნიერებმა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ხელნაწერი შეიცავდა გალენოსის სწავლებებს, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ, უცნობი ადამიანის მიერ იყო შესრულებული. საოცარი კი ისაა, რომ გალენოსის სწავლებაზე გადაწერილი იყო ფსალმუნები.


საფარის ქვეშ მოქცეული გალენოსის სამედიცინო ტრაქტატები შესრულებულია ძველ სირიულ ენაზე, მე-6 საუკუნეში, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედ წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

მაგრამ დაახლოებით 500 წლის შემდეგ, მე-11 საუკუნეში, მელანი ფურცლებიდან წაუშლიათ და ზედ ფსალმუნები გადაუწერიათ. თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მიზეზი პერგამენტის სიძვირეშია.

დაახლოებით ათი წელიწადია, მეცნიერები და სწავლულები მულტისპექტრულ ვიზუალიზაციას იყენებდნენ საფარის ქვეშ არსებული გახუნებული უძველესი ტექსტის აღსადგენად.

ბოლოსდაბოლოს, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა SLAC-ის სტენფორდის სინქროტრონული რადიაციის სინათლის წყაროს საშუალებით. შედეგად, ადვილად გაიშიფრა დამალული ხელნაწერი.

პერგამენტის თავდაპირველი წარწერების უკიდურესად უმნიშვნელო კვალის გამოსავლენად, მკვლევრებმა გამოიყენეს ციკლურ ნაწილაკთა აქსელერატორის მიერ წარმოქმნილი რენტგენული სხივები. შედეგად, მათ თვალწინ გადაიშალა თითქმის 2000 წლის წინ არსებული სამედიცინო ცოდნის ამსახველი უპრეცედენტო ხედები.

მოცემულ ფოტოზე ვერტიკალურად დახრილი სიმბოლოები ასახავს მე-11 საუკუნის რელიგიურ ტექსტებს, მკრთალი, ჰორიზონტალური ხაზები კი მის ქვეშ დამალული გალენის ტრაქტატების სირიულ თარგმანს.

დაკარგული ტექსტის პოვნის წინა მცდელობისას არაერთხელ გამოიყენეს ულტრაიისფერი, ხილული თუ ინფრაწითელი სინათლის ტალღის სიგრძე, მაგრამ ამაოდ, ტექსტის პოვნა ყოველ ჯერზე შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ბოლოს მიღწეული შედეგები აბსოლუტურად განსაცვიფრებელია, როგორც იქნა, ჩვენ წინაშეა მართლაც უნიკალური ტექსტი“, — უთხრა მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა პტერ პორმანმა Newsweek-ს.

ახალი ტექნოლოგიით ვიზუალიზაციას 10 საათი დასჭირდა. ანალიზი ჩაუტარდა წიგნის 26 გვერდს. მკვლევართა წინაშე წარდგა ხელნაწერი, რომელიც ათასი წელია, არავის უნახავს.

თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, სრულიად ახალი თავი გაიხსნება მედიცინის უძველესი ფუძემდებლების ჩვენეულ გაგებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ დღის სინათლის ხილვას კიდევ 200 გვერდის ქვეშ დამალული წარწერები ელოდება და ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს შეიძლება აეხადოს ფარდა?

„კლავდიუს გალენოსი დანამდვილებით არის ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ექიმი“, — განუცხადა პორმანმა Newsweek-ს.


მომზადებულია Newsweek-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით