საუდის არაბეთმა მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა - „დეილი მეილმა“ არჩევნებში ამ ქვეყნის გამარჯვებას „გადაწყვეტილი საკითხი“ უწოდა #1TVSPORT
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად შეიტანა ფიფა-ში განაცხადი მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, – ამის შესახებ წერს ორგანიზაციის პრესსამსახური.
„ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მისწრაფებას ყველა დონეზე ახალი საფეხბურთო შესაძლებლობების აღმოჩენასა და თამაშის განვითარების მხარდაჭერაზე დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მზად ვართ, მივესალმოთ მთელ მსოფლიოს ჩვენს სამეფოში და გპირდებით შთამბეჭდავ და დაუვიწყარ მოვლენას გულშემატკივრებისთვის“, – წერია განცხადებაში.
პარალელურად, გაზეთმა Daily Mail-მა ფიფა-სთან დაახლოებულ სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ, ფაქტობრივად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე გააკეთა არჩევანი საუდის არაბეთის სასარგებლოდ.
„მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის საუდის არაბეთში ჩატარება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი საკითხია. ფულმა ისევ თავისი სიტყვა თქვა. ეს მოვლენა ფიფა-ს მილიარდებს მოუტანს“, – წერს გაზეთი.
აღნიშნავენ, რომ ამგვარი სიტუაცია აღიზიანებს ავსტრალიას, რომელიც ასევე პრეტენზოას აცხადებს ტურნირზე. ელოდებიან, რომ საუდის არაბეთი მიიღებს 47 ხმას აზიისგან და 54 ხმას აფრიკისგან.
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს 74-ე კონგრესზე აირჩევენ, რომელიც 2024 წელს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.