საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პირობას დებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებელ ყველა დამნაშავეს დასჯის
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პირობას დებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებელ ყველა დამნაშავეს დასჯის

საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი პირობას დებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებელ ყველა დამნაშავეს დასჯის.

BBC-ს ცნობით, ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა ერ-რიადში, ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მუჰამედ ბინ სალმანის თქმით, ჩადენილი დანაშაული მტკივნეული იყო ყველა საუდელისთვის და საუდის არაბეთს არასდროს ექნება განხეთქილება თურქეთთან.

პრინცის თქმით, ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.

„ბევრი ადამიანი ცდილობს, ამ მტკივნეული სიტუაციის გამოყენებას საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის განხეთქილებისთვის. და მინდა მათ ვუთხრა, თქვენ ამას ვერასდროს გააკეთებთ. განხეთქილება არასდროს იქნება“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.

საუდის არაბეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას, რომ სტამბოლში სამეფოს საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან პრინცს კავშირი აქვს.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.