საუდის არაბეთის ლიგის კლუბებმა სატრანსფერო ხარჯების შემცირება დაიწყეს #1TVSPORT
საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის კლუბებმა სატრანსფერო ხარჯების რადიკალურად შემცირება დაიწყეს.
2023 წელს ტრანსფერებში გადახდილი 944 მილიონი ევროს ნაცვლად, წელს კლუბებმა მხოლოდ 235 მილიონი დახარჯეს. ლიგას უმაღლესი კალიბრის ვარსკვლავები აღარ დამატებია, რონალდოს „ალ ნასრს“ კი ახალი ფეხბურთელი საერთოდ არ უყიდია.
მიზეზი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის (PIF) შეცვლილი სტრატეგიაა. პროგრამა „Vision 2030“ გადაიხედა და მთავარი აქცენტი შიდა განვითარებასა და ეკონომიკურ მომგებიანობაზე გაკეთდა. ახალი გეგმით, ინვესტიციების 80 პროცენტი ქვეყნის შიგნით დარჩება.
სპორტიდან რესურსების გადინება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმაც დააჩქარა. გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და ნავთობის მარშრუტების ბლოკადამ ქვეყანა აიძულა, სახსრები ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისკენ მიემართა. შესაბამისად, სპორტის დაფინანსება ახლა ბევრად უფრო სელექციური და პრაგმატულია.
2021 წლიდან მოყოლებული, საუდის არაბეთის კლუბებმა მხოლოდ ტრანსფერებში 3.5 მილიარდი ევრო დახარჯეს. ლიგის კლუბები ასევე იხდიან გრადიოზულ ხელფასებს. მაგალითისთვის, კრიშტიანო რონალდო წლიურად 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.