სასკოლო ჩემპიონატი გოგონებში ალვანის სკოლამ მოიგო

12:20, 21.06.2019
ბათუმის „რაგბი არენამ“ სასკოლო ფეხბურთის ტრადიციადქცეულ გათამაშების, „კოკა-კოლას თასის“ გოგონათა ტურნირის ფინალს უმასპინძლა.
მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ალვანის პირველი საჯარო სკოლა თბილისის 146-ეს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. მატჩების დასრულების შემდეგ გუნდებს კუთვნილი მედლები და თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და „კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ გადასცეს.
„მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს. წლევანდელ გათამაშებაში 11000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა და სასიამოვნოა, რომ გასულ წლებთან შედარებით გოგონათა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ტურნირის მიზანი სწორედ ისაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ დაარსებიდან დღემდე ტურნირზე სპეციალისტებმა უამრავი ტალანტი აღმოაჩინეს” – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ.
„კოკა-კოლას თასი 2019“-ის გოგონათა გათამაშებაში 248 სკოლის 2500-მა მოსწავლე მონაწილეობდა. სულ კი, წლევანდელ ტურნირის ვაჟთა და გოგონათა გათამაშებებში 1000-ზე მეტი სკოლის 11,000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. „კოკა-კოლას თასი 2019“ 25 ივნისს, ბიჭების გათამაშების ფინალური შეხვედრებით ბათუმში დასრულდება.

მსგავსი