საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება - ჩემპიონატების განახლების სავარაუდო ვადა და აუცილებლად შესასრულებელი პირობები
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, ტურნირები აგვისტოში განახლდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების გათვალისწინებით.
ვრცლად:
ყურადღება: ქვემოთ მოცემული გეგმა გაწერილია სახელმწიფოში „კოვიდ 19“-ის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესაბამისად და სავსებით შესაძლებელია მოხდეს მისი გადახედვა ვითარების ცვლილების მიხედვით!
შეწყდეს | დუბლიორთა, ჭაბუკთა „ა“, „ბ“ და საფესტივალო ლიგების შეჯიბრებები 2019-2020 წლის სეზონის მიხედვით!
დიდი 10-ის, პირველი და მეორე (რეგიონალური) კაცთა ლიგების, შესაბამისი დებულებებით ეტაპობრივი განახლების სავარაუდო გეგმა:
22 მაისიდან, გუნდებს მიეცეთ რეკომენდაცია მოთამაშეთა ინდივიდუალური ვარჯიშების გააქტიურების შესახებ (რეკომენდაცია ეძლევათ ღია სივრცეზე, მათ შორის მოედანზე, თუმცა გასახდელების გამოყენების გარეშე);
1 ივნისიდან გუნდებს მიეცეთ 10-10 კაციან ჯგუფებად მოედანზე (ღია სივრცეში) სამი და მეტ მეტრიანი დისტანციის დაცვით, ვარჯიშების განახლების უფლება, „კოვიდ 19“-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ („კოვიდ 19“-ის მენეჯერის შესახებ იხილეთ ქვემოთ);
20 ივნისიდან სავარაუდოდ, გუნდები შეძლებენ მოთამაშეთა ჯგუფების გაფართოებას (ათზე მეტი), კვლავ კლუბის „კოვიდ 19“-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. კლუბებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ გასახდელები. ამ შემთხვევაში სავალდებულოა: გასახდელების ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ დეზინფექცირება.
1 ივლისიდან გუნდებს სავარაუდოდ შესაძლებლობა მიეცემათ გადავიდნენ სრულფასოვან (კონტაქტურ) ვარჯიშებზე, კვლავ „კოვიდ 19“-ის მენეჯერის მეთვალყურეობის თანხლებით;
ჩემპიონატების გაგრძელება სავარაუდოდ იგეგმება 24-26 ივლისს, ან 31.07-02.08, თუმცა სტადიონზე მაყურებლების დაშვების გარეშე (ცარიელი ტრიბუნების თანხლებით). ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაში მიიღება სახელმწიფოს რეკომენდაციები და ცვლილებების შესახებ, საჭიროების მიხედვით, განახლებებს მოგაწვდით საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი;
განახლებების სავარაუდო სქემები:
დიდი 10 | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი ოთხი ტური, რომელსაც მიყვება პლეიოფები არსებული დებულების შესაბამისად – სულ გაიმართება რვა ტური (დიდი ფინალის ჩათვლით). მატჩები ჩატარდება ოთხდღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მეხუთე დღეს.
1-ლიგა | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი სამი ტური, რომელსაც მიყვება საპლეიოფო, გადასასვლელი ორი ტური – სულ გაიმართება ხუთი ტური. მატჩები ჩატარდება ხუთდღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მეექვსე დღეს.
რეგიონალური (მეორე) ლიგა | ჩატარდება ორი საპლეიოფო და ორი გადასასვლელი ტური – სულ ოთხი ტური; მატჩები გაიმართება შვიდდღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მერვე დღეს;
ტრანსფერები
2020-2021 წლის სეზონის სატრანსფერო ვადები, სავარაუდოდ განისაზღვრება შემდეგი სახით:
1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
საბუთების შემოტანის სავალდებულო ვადები: 17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით;
ახალი სეზონი
კაცთა ლიგების გათამაშებების სტარტის სავარაუდო თარიღებია: 2020 წლის 25-27 სექტემბერი, ან 2-4 ოქტომბერი.
ჭაბუკთა ლიგები
სატრანსფერო ვადების განსაზღვრება და ტურნირების სტარტი მოხდება კაცთა ლიგებთან შედარებით ადრე და ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდება;
კლუბის „კოვიდ 19“ მენეჯერი
საქართველოს რაგბის კავშირის „კოვიდ 19“-ის მენეჯერის მიერ, გაიმართება სპეციალური ვებინარი – პანდემიის პირობებში რაგბიში უსაფრთხო დაბრუნების შესახებ.
ამ ვებინარზე დასწრება სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში მონაწილე ყველა კლუბის მენეჯერისა და ექიმისთვის. ვებინარზე განიხილება მსოფლიო რაგბის უახლესი რეკომენდაციები, რაც მოიცავს:
უსაფრთხო დაბრუნების ძირითად პრინციპებსა და მითითებებს;
სავალდებულო, „კოვიდ 19“ ონლაინ მოდულის გაცნობას;
კლუბის „კოვიდ 19“-ის მენეჯერის ფუნქცია-ვალდებულებებს;
კლუბებს დაევალებათ დანიშნონ საკუთარი „კოვიდ 19“ მენეჯერი;
აღნიშნულის შემდეგ, კავშირის „კოვიდ 19“ მენეჯერის მიერ დაინიშნება სპეციალური სწავლება/გადამზადება კლუბების „კოვიდ 19“ მენეჯერებთან, რომლებსაც ამ დროისთვის უკვე უნდა ჰქონდეთ გავლილი ზემო აღნიშნული „კოვიდ 19“-ის ონლაინ მოდული.
საქართველოს რაგბის კავშირი – rugby.ge