სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე გამოკითხეს
საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის არსებითი განხილვისას თავად ბრალდებული დაიკითხა. სხდომა ამჯერადაც დახურული იყო. მხარეების ინფორმაციით, მორჩაძემ დაადასტურა, რომ კალანდიების ოჯახს თანხა გადასცა, თუმცა მისი თქმით, ის არა მოწმის მოსყიდვის, არამედ ოჯახის დასახმარებლად იყო განკუთვნილი.
გამოძიების ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია, მ.კ.-ს თანხის სანაცვლოდ ჩვენების შეცვლა სთხოვა და მასზე ზეწოლაც მოახდინა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა კალანდიების ოჯახთან კავშირს არ უარყოფს.
„მერაბ მორჩაძემ დაადასტურა, რომ არანაირი მოსყიდვა არ იყო. ეს იყო მხოლოდ ოჯახის დახმარება, რაც დადასტურდა სხვა ჩვენებებიდან. შესაბამის ეტაპზე ამ ჩვენებას სამართლებრივ შეფასებას მივცემთ“, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ.-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.