სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მან დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და მათ სასამართლოს შვიდი ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

პროკურატურამ გიორგი წარუაშვილს საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ი.თ.-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ი.თ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა გიორგი წარუაშვილი 22 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.