სასამართლომ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა
სასამართლომ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა წინასწარ პატიმრობას ერთი მილიარდი გრივნის გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს. ამას გარდა, ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა ჩააბაროს თავისი პასპორტი.

ამასთან, პოროშენკოს ეკრძალება კიევის ოლქის დატოვება გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის ნებართვის გარეშე. ზემოაღნიშნული ვალდებულებების მოქმედების ვადად 2022 წლის 19 მარტი განისაზღვრა.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან შეიკრიბნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები. საპროტესტო აქციაზე პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.