სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ერთ პირს 5 000-ლარიანი, ექვს პირს კი 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წულაიას მიმართ – 5 000 ლარი, ხოლო გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელიას, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ 3 000-3 000-ლარიანი გირაოს ოდენობა განისაზღვრა.
დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერი 16:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა – ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
პროკურატურამ საქმეზე დაზარალებულად ცნო მედიის ის წარმომადგენლები, რომლებსაც 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების დროს თავს დაესხნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. მათ შორის არიან „მოამბის“ ჟურნალისტები, თათია ტაბეშაძე და შალვა სუმბაძე, ასევე პირველი არხის ჩართვის ჯგუფის თანამშრომელი და ორი ოპერატორი, ვახო ლეკიაშვილი, გიორგი კიკვაძე და ნიკა ცირიკიძე. დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებსაც.