4 ოქტომბრის აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმე
პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მედიის ის წარმომადგენლები, რომლებსაც 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების დროს თავს დაესხნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. მათ შორის არიან „მოამბის“ ჟურნალისტები, თათია ტაბეშაძე და შალვა სუმბაძე, ასევე პირველი არხის ჩართვის ჯგუფის თანამშრომელი და ორი ოპერატორი, ვახო ლეკიაშვილი, გიორგი კიკვაძე და ნიკა ცირიკიძე. დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებსაც. ბრალდება სულ შვიდ ადამიანს წარუდგინეს. მათგან ექვსს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ერთი დაკავებულის მიმართ ბრალდება კი ასეა ფორმულირებული – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით. დაზარალებული ჟურნალისტები დღეს პროკურატურაში გამოიკითხნენ. შალვა სუმბაძეს პირდაპირი ჩართვის დროს ე.წ. წიწაკის ხსნარი შეასხეს, თათია ტაბეშაძეს კი გადაღებას უკრძალავდნენ იმ მოტივით, რომ ადამიანების სახეები არ აღებეჭდა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.