სასამართლო თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
სასამართლო თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ისინი სასამართლო სხდომაზე შვიდივე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან საღამოს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, დაკავებულებმა ბრალის წარდგენის დოკუმენტზე „სლავა უკრაინე“ დაწერეს.

მთავარ სამმართველოსთან გვიან ღამემდე იმყოფებოდა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკოც. მისი განადებით, საქართველოში დარჩება, სანამ შვიდივე დაკავებულის უდანაშაულობა არ დამტკიცდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.