ადვოკატი - სპეცოპერაციისას დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის წარდგენის დოკუმენტზე მათ „სლავა უკრაინე“ დაწერეს
ადვოკატი - სპეცოპერაციისას დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის წარდგენის დოკუმენტზე მათ „სლავა უკრაინე“ დაწერეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირისთვის ბრალის წარდგენა დასრულდა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც დაკავებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ბრალის წარდგენის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„სამწუხაროა, რომ დღეს შვიდივე დაკავებულს წაუყენეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილით. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთაგან არც ერთი არ აღიარებს ბრალს. ბრალზე ხელიც არ მოაწერეს. მათ ბრალზე დაწერეს „სლავა უკრაინე“. დააფიქსირეს, რომ არ ეთანხმებიან, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები ჩაუდეს და მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება“, – განაცხადა ადვოკატმა ვიტალი მირზოევმა.

მისივე თქმით, დაკავებულები თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებენ.

„მათ ჩამოსვლისას ეგონათ, რომ საქართველო არის სტუმართმოყვარე ქვეყანა და ჩამოვიდნენ აქ სანახავად. ეს სტუმართმოყვარეობა დაუჯდათ იმად, რომ ქეიფისა და სუფრის მაგივრად, დაახვედრეს ლიმონკები, ვაზნები, თვითონაც არიან გაოგნებულები, არ იციან, თუ რატომ მოხდა ეს. შვიდივე მათგანს ბრალი ერთნაირად წარედგინათ. აღკვეთთან დაკავშირებით არ ვიცით პროკურატურის პოზიცია. იმედი გვაქვს, ამ შემთვევაში მაინც არ იქნებიან ასეთი რადიკალურები“, – განაცხადა ვიტალი მირზოევმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარის პოზიცია ცალსახად იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე მოხდეს დაკავებულთა გათავისუფლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.