სასამართლო „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განცხადებით, ჭელიძის სახლიდან არასაბრძოლო ვაზნები ამოიღეს და სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული.

ბრალდებულს პროცესზე ხუთი ადვოკატი იცავს. ადვოკატები ჭელიძის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, გიორგი ჭელიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.