საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 493.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.9 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 962.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 23.6 პროცენტი შეადგინა; ხოლო იმპორტი – 4 531.0 მლნ. აშშ დოლარს, ანუ 21.2 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 568.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 925.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 848.5 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 500.9 მლნ. აშშ დოლარით.