საქსტატი - იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 845.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 9.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 310.7 მლნ აშშ დოლარს – ზრდამ 10.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 465.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 752.4 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 1 600.1 მლნ აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 499.5 მლნ აშშ დოლარით.