საქართველოში შვეიცარიის ელჩი - გვჯერა, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ დაძაბულობის მოხსნას ხელი შეუწყო
საქართველოში შვეიცარიის ელჩი - გვჯერა, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ დაძაბულობის მოხსნას ხელი შეუწყო

საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სექტემბერში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

ელჩის თქმით, როდესაც ორ ქვეყანას შორის რთული ვითარება არსებობს, მათ შორის დიალოგი სწორედ მაშინაა საჭირო.

„დიალოგი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე თანახმაა რაღაცა ერთზე. როდესაც თანხმობა არ არსებობს და რთული სიტუაციაა ორ ქვეყანას შორის, სწორედ მაშინ არის დიალოგისა და დიპლომატიის დრო. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გვჯერა, რომ ამ შეხვედრამ გარკვეულწილად დაძაბულობის მოხსნას ხელი შეუწყო”, -აღნიშნა შვეიცარიის ელჩმა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხს, პატრიკ ფრანცენი ამბობს, რომ თუკი ორივე მხარის მხრიდან დაინტერესება იქნება, შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა, მზადაა, დიალოგის პროცესში ჩაერთოს.

„რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, შვეიცარია როგორც მოგეხსენებათ შუამავალია, ამიტომ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებთ. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ, როგორც მოითხოვს ამას შუამავლობა. როგორც შუამავლები, თუ ორივე მხრიდან იქნება დაინტერესება, შვეიცარია მზად არის, ჩაერთოს, დაეხმაროს ორივე მხარეს, როგორც დიალოგის მოყვარული და მომხრე ქვეყანა, თუმცა ამის თაობაზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ მიგვიღია”,- განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.

შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდა.