საქართველოში ირანის ელჩი - ჩვენ არ ვიცით, ვინ ჩამოიყვანა მომღერალი ემირ თათალო საქართველოში,  ირანში მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული
საქართველოში ირანის ელჩი - ჩვენ არ ვიცით, ვინ ჩამოიყვანა მომღერალი ემირ თათალო საქართველოში,  ირანში მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

ირანის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ირანის ელჩი სეიედ ჯავადი შეხვდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ირანელმა მომღერალმა ემირ თათალომ თბილისში გამართული კონცერტისას საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.

როგორც აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრისას ელჩმა სეიედ ჯავადიმ განაცხადა, მისთვის უცნობია, რა გზით მოახერხა ირანელმა მომღერალმა ემირ თათალომ საქართველოში შემოსვლა და კონცერტის გამართვა.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ შეუწყო ემირ თათალოს ჩამოსვლას ხელი და ვინ იყო ორგანიზატორი. ჩვენთვისაც ბევრი არაფერია მასზე ცნობილი. ეს პიროვნება არის კანონდამრღვევი ირანშიც. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ემირ თათალო გაქცეულია ირანიდან, შემდეგ ჩავიდა თურქეთში და იქიდანაც გააძევეს. როგორ მოხვდა საქართველოში, ეს უნდა ჰკითხოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანის ხალხს უყვარს ქართველი ხალხი. ისტორიულად ბევრი გვაქვს საერთო. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს, საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს.

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ ვერ მოხდა. როცა სამართლებრივ სფეროში გვექნება თანამშრომლობა, მსგავსი ფაქტებისგან ვიქნებით დაცული. არც ერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ერებს. ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა.

ირანის საელჩოსთან აქციას დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები მართავენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, მომღერალმა ემირ თათალომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. ამ ვიდეოს გამოეხმაურა აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, რომელმაც აღნიშნა, ირანელი მომღერლის სიტყვები არასწორად არის თარგმნილი.