საქართველოსა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ნიდერლანდების მხრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე პიტერ კლაივეხი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში ბოლო დროს გამართული მაღალი დონის შეხვედრების შესახებ, რომლებმაც ახალი დინამიკა შესძინეს ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეები შეთანხმდნენ, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებით ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გააქტიურებას.
„ვახტანგ მახარობლიშვილმა ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა ჰოლანდიური მხარის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
ქართულმა მხარემ ასევე მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობისათვის, რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდების მხარე მრავალწლიან პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, კონსულტაციების ფარგლებში დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თუმცა, აღინიშნა ეკონომიკური მიმართულების შემდგომი გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ასევე, ხაზი გაესვა ნიდერლანდების მოწინავე პოზიციებს საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორების რიგებში, ყურადღება გამახვილდა ჰოლანდიელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს.
„დარგობრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სფეროში ნიდერლანდების შთამბეჭდავი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა სავაჭრო მისიების ვიზიტებს სოფლის მეურნეობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა მიმოიხილეს მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული ინტერაქცია.
კონსულტაციების ფარგლებში, დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი, საგზაო რუკა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის ფორმატზე, რომელიც, სექტორულ ინტეგრაციას უწყობს ხელს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. ნიდერლანდების მხარემ დადებითად შეაფასა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რაც საქართველოს უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და ალიანსთან ინტეგრაციის არსებულ ინსტრუმენტებზე. ჰოლანდიურმა მხარემ აღნიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ნიდერლანდების დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებებისა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას. ჰოლანდიელმა დიპლომატმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.
„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირებს მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.