ნიდერლანდებთან გოგა ბითაძეც ითამაშებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ნიდერლანდებთან გოგა ბითაძეც ითამაშებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ნიდერლანდებს უმასპინძლებს. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი ახლად აშენებულ „თბილისი არენაზე“ გაიმართება.

ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად თამაშობს, თუმცა ამ ნაკრებებთან ჩატარებული თამაშები მეორე ეტაპზე გადაჰყვა და მომავალ მატჩებს მომდევნო ჯგუფიდან გასულ ისლანდიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ნიდერლანდებთან ერთად საქართველო იტალიას ეთამაშება სტუმრად, ქალაქ ბრეშაში. ნაკრები აპენინებზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება და იტალიას 27-ში დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება, რადგან მეორე ეტაპზე გამარჯვება არ გამოჰყოლია (საქართველოს 2 მოგება აქვს). „ნარინჯისფრებს“ ვარსკვლავური გუნდი არასოდეს ჰყოლია, თუმცა 2012 და 2015 წლებში მეტად ძლიერი საქართველოს ნაკრების დამარცხება ორჯერ შეძლო.

არც ის არის გასაკვირი, რომ ამ გუნდთან მატჩებში უარყოფითი ბალანსი გვაქვს – 7 შეხვედრიდან „ჯვაროსნებმა“ 3 მოიგეს. ახალ არენაზე საქართველოს ნაკრებს რევანშის მშვენიერი შანსი აქვს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია. მათ შორისაა გოგა ბითაძე, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და მოსამზადებელ ეტაპზე გუნდს ვერ დაეხმარა.

 

მე-13 კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილია, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვება და ბრეშაში გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. მას ტრავმა აწუხებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს შეუდგა, ბოლომდე მწყობრში ჩამდგარი არ გახლავთ.

სატურნირო მდგომარეობა მეორე ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ.