კარგი და ცუდი ამბავი ახალი დარბაზიდან - საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა, შენგელიას მხარი დაუზიანდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.

 

ვიდრე უშუალოდ შეხვედრაზე დავწერდეთ, შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან ერთად L ჯგუფი შეადგინეს იტალიამ, ისლანდიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და უკრაინამ. უკრაინასთან და ესპანეთთან წინა ჯგუფის შედეგები მეორეშიც გადაჰყვა.

ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ: მაკფადენი, სანაძე, შენგელია, მამუკელაშვილი და შერმადინი. საწყისი 7:0 გაქცევის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების დაცვის ბარიერის გადალახვა გაუჭირდა, მეტოქე სისწრაფეზეც კარგად თამაშობდა და პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს 13 შეცდომა დააშვებინა. შედეგად, მივიღეთ დაბალშედეგიანი პირველი ნახევარი – 35:35, რომელშიც თორნიკე შენგელიამ 16 ქულა ჩააგდო.

მეორე ტაიმი დაიწყო ძალიან კარგადაც და ძალიან ცუდადაც. ჯერ ცუდზე ვთქვათ: თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას ტრავმა მიიღო. იგი ექიმებმა ჯერ გასახდელში გაიყვანეს, შემდეგ საავადმყოფოში. თორნიკეს მხარი ამოუვარდა. დაზიანება სერიოზულია, თუმცა რა დრო დასჭირდება აღდგენას, ჯერ უცნობია.

არადა, სწორედ თორნიკეს წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის საწყის 5 წუთში 6 ჩაჭრა განახორციელა და 15:0 გაქცევა მოაწყო (50:35 დაწინაურდა). ნიდერლანდები არ დანებდა, ძალები მოიკრიბა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა – 60:60.

თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა საფინალო სირენამდე 2.5 წუთით ადრე თად მაკფადენის ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც „ჯვაროსნები“ 73:62 დაწინაურდნენ და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

სატურნირო მდგომარეობა: