საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურადაა მოწადინებული, პროცესი წარიმართოს აზერბაიჯანთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით.

„ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. ამას წინ უძღოდა ჩვენი მინისტრის მოადგილის წინასწარი სამუშაო ვიზიტი, სადაც შეთანხმდნენ სხდომის დეტალებზე. ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, როგორ წარიმართება, რა შედეგებით დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, აღნიშნული ჩატარდეს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

მისი თქმით, სხდომას სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, რა კონტექსტში დააყენებს ქართული მხარე საკითხს დავით გარეჯში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ წინასწარ რამის თქმა გაუჭირდება.

„კომისიის სხდომა იქნება ეს თუ დინამიკური პროცესი, განიხილება ძალიან ბევრი დეტალი, მნიშვნელოვანი საკითხები. ეს არის პირველი სხდომა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გარკვეული პაუზა იყო, ახლა უკვე თანათავმჯდომარეები ჰყავს კომისიას. ჩვენს მხარეს ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანულ მხარეს – პრეზიდენტის წარმომადგენელი. დანარჩენ დეტალებზე მოგახსენებთ მიმდინარე რეჟიმში. ყველა პირობა და დეტალი გაჟღერდება კომისიაზე, რომელსაც სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. დაველოდოთ მოვლენებს. ამის შემდეგ უფრო შეგვეძლება, კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

14 მაისს ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვს შორის.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით.