საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებების მატჩს საოკუპაციო ხაზის სოფლებიდან 400-მდე მოსწავლე დაესწრო #1TVSPORT
ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებების მატჩს საოკუპაციო ხაზის სოფლებიდან და დევნილთა დასახლებებიდან 400-მდე მოსწავლე და ახალგაზრდა დაესწრო.
ეს საქართველოს სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, გიორგი სამხარაძის ინიციატივა იყო, რომელიც პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ხელბურთის ეროვნულ ფედერაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საპატრულო დეპარტამენტის მხარდაჭერით მოხერხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბავშვებისთვის ავტობუსები გამოყო, ხოლო გზის უსაფრთხოება სამხედრო პოლიციამ და საპატრულო დეპარტამენტის ეკიპაჟებმა უზრუნველყვეს. ხელბურთის ფედერაციამ ბავშვებს მაისურების გადასცა და „თბილისი არენაზე“ საგულშემატკივროდ ცალკე სექტორი გამოუყო.
„ამ ღონისძიების მიზანი კონფლიქტის ზონაში და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტულ პროექტებში ჩართვის ხელშეწყობა იყო. ასეთ ღონისძიებებზე დასწრება ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სპორტულ მოვლენებში უშუალოდ ჩაერთონ. ეს პირდაპირ აისახება ახალგაზრდების მიზნების სწორად დასახვასა და შემდგომ მათ განხორციელებაში.
ეროვნული ნაკრების ხელბურთელებმა ბავშვებს მაისურები აჩუქეს, ავტოგრაფები დაურიგეს და ბავშვები უზომოდ გაახარეს. მათი თამაშზე დასწრება მარტო ამ სიხარულისთვის ღირდა“, – განაცხადა სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი სამხარაძემ.