„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა და საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს
22:56, 31.12.2019
საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა.
მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით როტერდამში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგება.
მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ იყო წარმატებული პროექტი და ახლა ჯერი კომპოზიტორებზეა, რომლებმაც ევროვიზიისთვის სიმღერა უნდა შექმნან.
„ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენ უნდა მივესალმოთ, რაც უფრო მეტი ასეთი კონკურსი იქნება, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველებს მისცემს გამოვლენის საშუალებას, ვფიქრობ, მისასალმებელია. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ამას ხელი ტელევიზიებმა და ყველამ, ვისაც ამის პლატფორმა აქვს. ჩვენ, ყველა ერთად უნდა დაველოდოთ, როგორ სიმღერას შექმნიან ქართველი კომპოზიტორები და როგორ წარვდგებით ევროვიზიაზე, სადაც უკვე მონაწილეობა ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოსი, რომელიც ევროპული ოჯახის წევრია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.
მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.