საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ტუნისს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი ტელესკოლაზე #1TVSPOT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დღეს დევისის თასზე მსოფლიო ჯგუფი II-ში ტუნისელებს დაუპირისპირდება. მატჩები კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, კერძოდ კი, შატო მეფის ქალაქის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.
ორ ნაკრებს შორის შეხვედრები 15-16 სექტემბერს ჩატარდება, გამარჯვებული კი 2024 წლისთვის მსოფლიო თასი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ტურნირის პირველ დღეს ორი ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგში ითამაშებს. საბა ფურცელაძე (ATP-ს რეიტინგში 450-ე) და ზურა ტყემალაძე (698-ე) ჩვენი ნაკრების დაწინაურებას შეეცდებიან.
ხვალ, 16 სექტემბერს კი ჯერ მატჩი წყვილთა შორის გაიმართება, ხოლო შემდეგ კიდევ ორი დაპირისპირება ერთეულთა თანრიგში. გამარჯვებული ის ნაკრები იქნება, რომელიც სამ მატჩში მიაღწევს უპირატესობას.
საქართველოს ნაკრებში ამჯერადაც არ გახლავთ ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელმა ივნისის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და მას მერე კორტზე არ გამოჩენილა. ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისელებთან 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში ჩვენმა ვაჟებმა გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
საბა ფურცელაძე (450-ე), ზურა ტყემალაძე (698-ე), ალექსანდრე მეტრეველი (826-ე) და ალექსანდრე ბაკში (841).
ჩოგბურთის მოყვარულებს ახალ კორტებზე საქართველოსა და ტუნისის ნაკრებების წყვილის გარდა, შესაძლებლობა ჰქონდათ დევისის თასის სხვა შეხვედრებიც ენახათ. კასპში მასპინძლის სტატუსით თამაშობს უკრაინის ნაკრები, რომელიც პირველ ჯგუფში დასაწინაურებლად კოლუმბიას უპირისპირდება. ამ დროისთვის ანგარიში 2:2-ია და გამარჯვებულის ბედს მეხუთე მატჩი გადაწყვეტს.
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლა დღეს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.